ექსკლუზივი: გურამ ოდიშარია პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

   კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. როგორც „კვირას“ ოდიშარიამ განუცხადა, იგი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე 1 აგვისტოს დაამტკიცეს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, სხვადასხვა შემოთავაზება მიიღო, მაგრამ საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს დასთანხმდა.
„მე ახალ სამსახურში ვარ. სამსახურში 1 აგვისტოდან გავედი. ვარ პრემიერ – მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსური ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით. პროფესიით კონფლიქტოლოგი ვარ, სანამ მინისტრად დამამტკიცებდნენ, დაახლოებით 17-18 წელი ამ პროფილით ვმუშაობდი. შემოთავაზება მქონდა რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდით ამაზე და მრჩევლად დავინიშნე. ჩემი უშუალო სამუშაო იქნება, რაც შეიძლება მეტი შეხვედრები, მეტი ინფორმაცია იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც სოხუმიდან და ცხინვალიდან თბილისში ჩამოდიან. სანამ თანამდებობაზე დავინიშნებოდი, სოხუმშიც ხშირად ჩავდიოდი ჩემს მეგობრებთან, ასე რომ, ამ კუთხით მუშაობას გავაგრძელებ“, – განუცხადა „კვირას“ გურამ ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ ოდიშარიამ თანამდებობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შემდეგ დატოვა. იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დანიშნა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები