,,რა დაუჯდა კუდს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?”
რამდენიმე კვირის წინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესის ფარგლებში კუდის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ბიბილურიძე დაიკითხა. მან სასამართლოს გააცნო სქემა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი და კუდის კიდევ სამი თანამშრომლის დაკავება სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ციხეში წასვლის სანაცვლოდ, მათ მიიღეს მთელი რიგი პრივილეგიები და საკმაოდ სოლიდური თანხებიც. როგორც გაზეთი “პრაიმტაიმი“ წერს, 2006 წლის 6 მარტს დაკავებულ ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს, მათი მხრიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეალური გარემოებებისა და დანაშაულში დათა ახალაიას შემხებლობის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ ეტაპობრივად გადასცეს სოლიდური „გასამრჯელო“.
“კერძოდ, გერონტი ალანიამ, ალექსანდრე ღაჭავამ და მიხეილ ბიბილურიძემ თანხების ეტაპობრივად გადაცემით, ჯამში, 100-100 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო ავთანდილ აფციაურმა –12 ათასი აშშ დოლარი, რადგან დათა ახალაიასთან შეთანხმებული პირობით დანარჩენი თანხა მას სასჯელის მოხდისა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ უნდა გადასცემოდა. ცნობილია ისიც, რომ ახალაიას მიერ მათთვის დაკავებამდე გადაცემული თანხებით მოახდინეს ბანკებში მათ სახელზე არსებული კრედიტებისა და კერძო ვალების გასტუმრება. ხოლო შემდეგში გადაცემული თანხებით ძვირად ღირებული ბინებისა და ავტომანქანების შეძენა. მაგალითად, საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად, გავარკვიეთ, რომ 2007 წლის 3 სექტემბერს მიხეილ ბიბილურიძის მეუღლემ ნუცუბიძეზე 124 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა, ასევე ამავე პერიოდში დიმიტრი ქიტოშვილისგან შეიძინეს ძვირად ღირებული ავტომობილი. ქიტოშვილი ბიბილურიძის ახლო მეგობარი და ბავშვის ნათლიაა”, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხულია მიხეილ ბიბილურიძის დედა ციური თევდორაშვილიც. როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, ბიბილურიძე სწორედ მას ატანდა ციხიდან იმ თანხას, რომელსაც დათა ახალაია დუმილისა და ციხეში წასვლის სანაცვლოდ უხდიდა.
“მიუხედავად იმისა, რომ მე დედა ვარ და მიხეილს ვთხოვდი, მოეთხრო რეალურად, რა მოხდა 2006 წლის 28 იანვარს, ანუ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეს. ვატყობდი, რომ თავს იკავებდა ყველაფრის თქმისგან. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი თხოვნის შემდეგ მან მიამბო, რომ ის და მასთან ერთად დაკავებული ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციალური და გერონტი ალანია იძულებულნი გახდენენ, დათანხმებოდნენ დავით ახალაიას, ჩამჯდარიყვნენ ციხეში, რადგან მათ მიერ, მართლაც, მოხდა სანდრო გირგვლიანისა და მისი მეგობრის იძულებით წაყვანა ლესელიძის ქუჩიდან ოქროყანის სასაფლაოზე. წაყვანას კი წინ უსწრებდა გერონტი ალანიას სიტყვები, რომ ასეთი დავალება მას მიღებული ჰქონდა დავით ახალაიასგან“,- აცხადებს ციური თევდორაშვილი.
ის დეტალურად იხსენებს, როგორ და რა ვითარებაში მიიღო ოჯახმა პირველი თანხა ბრალის წაყენების შემდეგ.
“მოდულში, სადაც მიშა იყო დაკავებული, ჩემი ქალიშვილის მეუღლე წავიდა, რომელიც ავად იყო და ჩვენთან სახლში იმყოფებოდა. მალევე დაბრუნებულმა სპორტული ჩანთა მოიტანა. ტანსაცმლის ამოლაგების დროს ვნახე კონვერტი, რომელშიც 100 – დოლარიანი კუპიურები იყო. გადავთვალე და კონვერტში 10 000 აშშ დოლარი აღმოჩნდა. ნანახის შესახებ არც სიძისთვის და არც ქალიშვილისთვის არ მითქვამს. ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ვერაფრით ვერ მივხვდი, საიდან შეძლება გამოეტანა ჩემს შვილს ამხელა თანხა, მაშინ როცა ის დაკავებული იყო. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა და აღნიშნულის კითხვა, მაგრამ აბა, როგორ ვნახავდი. მაშინ ნახვა გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძელი, როცა ის უკვე ციხეში გადაიყვანეს. პირველივე შეხვედრაზე ვკითხე, რა ხდებოდა და ამხელა ფული საიდან ჰქონდა. მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს თანხა ციხეში წასვლის სანაცვლოდ გადაუხადეს. ჩემს დაჟინებულ კითხვაზე მიპასუხა, რომ თანხას კიდევ მისცემდნენ, თუ ყვლაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ეს დათა ახალიას სურდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მიშამ ფულის შეკვრა გადმომცა და მითხრა, – რახან ციხეში ჩაჯდომას დავთანხმდი, ეს ფული მაინც შევინარჩუნოთო. ციხიდან გამოსულმა ფული დავთვალე და კვლავ 10 000 დოლარი აღმოჩნდა“, -აცხადებს ბიბილურიძის დედა“.
წყარო: “პრაიმტაიმი“