„ბადრი პატარკაციშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სამივე შვილს თითო მილიონი ჩაურიცხა“
“მართვის სტატეგიული ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარის პეტრე მამრაძის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილმა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას სამივე შვილს თითო-თითო მილიონი გადაურიცხა. როგორც პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს ბადრი პატარკაციშვილთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.
„ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბადრი პატარკაციშვილთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მასთან ჟვანიას, ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ და შემდგომ პერიოდში. ბადრი პატარკაციშვილიც აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას“, ცნობილია, რომ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა თითო მილიონი დოლარი ჩაურიცხა ჟვანიას სამივე შვილს. მაგრამ მე რასაც ვაკვირდებოდი, პატრაკაციშვილის ქველმოქმედება შემოიფარგლებოდა იმით, რომ ითხოვდა, დიდძალი ქონება მისთვის გადაეცათ, სიტყვაზე, თუ 100 მილიონის ქონებას გადასცემდნენ, დახარჯავდა 1 მილიონს დახმარების სახით – „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულ ლიდერებზე. ბადრი პატარკაციშვილი არ იყო ივანიშვილი, რომელიც დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა. ის ჯერ ითხოვდა ყველაფერს თავისთვის და მერე მიღებული დივიდენდების მცირე ნაწილს ხარჯავდა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ საუბრისას.