საიდან წარმოიშვა ელბაქიძის დაღმართის სახელი და რა მოხდა თბილისში 1919 წლის 13 სექტემბერს

რუსთაველიდან გალაკტიონის ხიდისაკენ ჩამავალ დაღმართს თბილისელები ელბაქიძის დაღმართის სახელით იცნობენ. 1995 წელს ელბაქიძის დაღმართს სახელი შეეცვალა და  მიხეილ ჯავახიშვილის სახელი დაერქვა, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობა ისევ ძველ ტოპონიმს ანიჭებს უპირატესობას.

5b7334824c074 ვინ იყო ელბაქიძე და რა დამსახურებისთვის დაერქვა ამ აღმართს მისი სახელი?

არკადი ყარამანის ძე ელბაქიძე რაჭაში, სოფელ წესში დაიბადა. რაჭველი გლეხის შვილს რევოლუციური ბაცილა მალევე შეეყარა და 1905 წელს, 25 წლის არკადი უკვე კომპარტიის წევრი გახდა. პირველი ხმაურიანი საქმე, რომელიც ელბაქიძეს უკავშირდება, 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარი გახმაურებული ტერორისტული აქტია. ელბაქიძემ თავის თანამზრახველებთან ერთად 250 ათასი მანეთი გაიტაცა. 1912 წელს ელბაქიძე  ქ. ნოვოჩერკასკში დააპატიმრეს და მუდმივი კატორღა მიუსაჯეს, თუმცა 1917 წელს ის უკვე გაათავისუფლეს.

1918 წელს მონაწილეობდა რაჭა–ლეჩხუმის გლეხობის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის შეუერთდა ს. გეგეჭკორის რაზმს და წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ რაზმთან ერთად ელბაქიძე აქტიურ მონაწილეობას იღედა 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1918 წელს ისევ დააპატიმრეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გაასახლეს.

22222222222

1919 წლის შემოდგომაზე ელბაქიძე არალეგალურად დაბრუნდა თბილისში. 1919 წლის 13 სექტემბერს თბილისში, ვერის დაღმართზე არკადი ელბაქიძემ ტერორისტული აქტი მოაწყო, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი. ელბაქიძე  მტკვარში გადახტა, თუმცა მძიმედ დაჭრილი პოლიციამ მალევე შეიპყრო და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ეს ამბავი აღწერილი აქვს მაშინდელ „საქართველოს რესპუბლიკასაც“:

„ცამეტ სექტემბერს, დღის 12 საათზე და 55 წ. ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილის ნომერი 20, რომლითაც რუსთაველის ქუჩისაკენ მიდიოდნენ შიგ მსხდომნი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში კავალერიის გენერალი ბარათოვი, საქართველოს ჯარის გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ბოროტ-განმზრახველებმა ესროლეს ერთი მეორეზე ორი ყუმბარა. ორივე ჩასკდა ავტომობილის ქვეშ, ავტომობილის წინა ნაწილი ნაფოტებად აქცია და მოკლა პოლკოვნიკი ალხავი, შოფერი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე, დაჭრილია ფეხებში გენერალი ბარათოვი და სახეზე გენერალი ოდიშელიძე. ჭრილობა ბარათოვისათვის საშიში არ არის. ბოროტ-მოქმედს დაედევნენ მილიციონერები. იგი გაიქცა ყორგანოვის ქუჩით, მიირბინა იოანნე ღვთისმეტყველის ეკლესიამდე, ჩაეშვა ხევში მტკვრისკენ ვერის ხიდზე გასაქცევად, მაგრამ შეხედა თუ არა, რომ მას პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის ერთი აგენტთაგანი, გადახტა წყალში. ნავით იგი გამოიყვანეს ნაპირზე. აღმოჩნდა, რომ იგი მილიციელს დაეჭრა მძიმედ; გონს მოუსვლელათ იგი გარდაიცვალა იქვე. გამოირკვა, რომ იგი არის რაჭის მაზრის, სოფ. წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე“.

მალევე, 1921 წელს საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა. თანამებრძოლებმა ელბაქიძეს დამსახურება არ დაუვიწყეს და 1923 წელს ვერის დაღმართს ელბაქიძის სახელი უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები