ძველი თბილისის წყალმომარაგება – რას სვამდნენ ქალაქში გასულ საუკუნეებში
XIX საუკუნის ბოლომდე თბილისელები სასმელად, ძირითადად, მტკვრის წყალს იყენებდნენ. წყალს მეთულუხჩეები არიგებდნენ. სახელწოდება „მეთულუხჩე“ იმ ჭურჭლიდან მოდის, რითაც მათ წყალი დაჰქონდათ. თულუხი — ეს იყო კამეჩის ან ხარის მთლიანი ტყავის ტიკი, რომელშიც, დაახლოებით, 16 ლიტრი წყალი ჩადიოდა. წყალს თულუხში ზემოდან ასხამდნენ, ჩამოსხმა კი „სახელოს“ საშუალებით ხდებოდა.
1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში თულუხები ხის სათლებით შეცვალა, მაგრამ სახელწოდება მაინც ძველი შემორჩა. ერთი სათლი წყლის ფასი ერთიდან სამ კაპიკამდე მერყეობდა — იმის გათვალისწინებით, რა მანძილი ჰქონდა გასავლელი მეთულუხჩეს და მტკვრის რომელი ნაპირიდან იყო წყალი აღებული. მე-19 საუკუნის ბოლოსათვის თბილისს, დაახლოებით, 240 მეთულუხჩე ემსახურებოდა, რომელიც წყალს მტკვარზე არსებული 12 სპეციალური ადგილიდან ეზიდებოდა.
ქალაქის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მოთხოვნაც წყალზე, რასაც მეთულუხჩეები ვეღარ აკმაყოფილებდნენ. შესაბამისად, ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ წყალსაქაჩის აშენება გადაწყვიტა. კვლევითი სამუშაოების ჩატარება ქალაქის არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვს დაევალა. პირველი წყალსაქაჩის მშენებლობა 1883 წელს ავჭალაში დაიწყო და 1887 წელს დასრულდა.