ცენტრალია, ჰასიმა და სხვა ქალაქები, რომლებიც აღარ არსებობენ

როდესაც ქალაქში რაიმე კატასტროფა ხდება, ხალხი საკუთარ სახლებსა და შენობებს ტოვებს. დასახლებული პუნქტი დროთა განმავლობაში ცარიელდება. მსოფლიო რუკაზე უამრავი ასეთი ადგილი არსებობს. ქალაქი-აჩრდილები მუდამ იზიდავენ ტურისტებს, რომლებიც მზად არიან, გადაიხადონ ბევრი ფული, რათა „ღმერთისგან დავიწყებული“ ადგილები მოინახულონ.

  • ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი ადგილი უკრაინული ქალაქი პრიპიატია

ქალაქი 1970 წელს დაარსდა და საბჭოთა კავშირის მეათე ატომური ქალაქი გახლდათ. სამწუხაროდ, 16 წლის შემდეგ, ჩერნობილის ავარიის გამო, ქალაქიდან ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. უფროსი თაობა ახლა შიშით იხსენებს 1986 წელს, ხოლო თამამ ახალგაზრდებს, სიცოცხლისთვის დიდი საფრთხის მიუხედავად, ამ ადგილის მონახულება სურთ.

  • ქალაქი-აჩრდილი აზერბაიჯანში

ქალაქ აგდამში ოდესღაც  150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ყარაბაღის ომის შემდეგ ტერიტორია მთლიანად დაცარიელდა. სულ რაღაც 3 წელიწადში ქალაქი ნანგრევებად იქცა.

  • კუნძული-აჩრდილი

რთული წარმოსადგენია დაუსახლებელი ადგილი, თუკი იქ არ ყოფილხარ, მაგრამ კიდევ უფრო რთული წარმოსადგენია კუნძული, სადაც არცერთი სულიერი არაა. უკვე 16 წელია, კუნძულ ჰასიმას იაპონიაში აჩრდილს უწოდებენ. მისი დასახლება 1887 წელს დაიწყო, რადგან ადგილი ნახშირის საბადოებით იყო მდიდარი. მოსახლეობა 5200 ადამიანს ითვლიდა. ადრე იქ სკოლები, მაღაზიები, შახტები და საცხოვრებელი სახლებიც იყო. ახლა ჰასიმაზე მხოლოდ ძველი ნანგრევები და მიტოვებული სახლებია. ყველაფრის მიზეზი შახტების დახურვა გახდა, რამაც სამუშაო ადგილების გაუქმება გამოიწვია.

  • ქალაქი მუზეუმი

თურქეთში მდებარეობს სოფელი კაიაკეი, რომელიც დღესდღეობით ისტორიულ ძეგლს და მუზეუმს წარმოადგენს. იქ 350 სახლია, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი თურქულ-ბერძნული ომის და მიწისძვრის შედეგია, რომელმაც 1957 წელს თითქმის ყველა შენობა დაანგრია. ამ დროისთვის აღნიშნულ ადგილს ხელისუფლება იცავს.

  • ცენტრალია – დამწვარი ქალაქი საშინელებათა ფილმებიდან

ალბათ, ყველა ქვეყანაში არსებობს მიტოვებული ქალაქი, სადაც მოსახლეობა უკვე აღარაა და ირგვლივ ყველაფერი დანგრეულია, მაგრამ ამერიკა ქალაქი-აჩრდილების რაოდენობით მაინც ლიდერობს. აშშ-ში ქალაქების დაცარიელების მიზეზი, ძირითადად, ბუნებრივი კატაკლიზმებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი ხელისუფლების არაგონივრული გადაწყვეტილების გამო მოხდა. ოდესღაც ცენტრალია მშვიდობიანი, დასახლებული პუნქტი იყო. იქ მოქალაქეები მუშაობდნენ და სწავლობდნენ, იქ დიდი ოდენობით ქვანახშირი მოიპოვებოდა, რაც სამუშაო ადგილებს ქმნიდა. მას შემდეგ, რაც საბადოს დახურვა გადაწყდა, მუშებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ისინი სხვა რამით ირჩენდნენ თავს და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ცენტრალიის ხელისუფლებამ ნაგავსაყრელის მოშორება გადაწყვიტა. მათ ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ალი შესაძლოა, შახტებსაც შეხებოდა და ქალაქი და მოსახლეობა დაეზარალებინა. ზუსტად ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ჩააქრეს, ქვანახშრირის წვის პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები