საქართველოს კონსული განჯაში: საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა თავისუფალია და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, – ამის შესახებ „კვირას“ განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მამუკა ბალავაძემ განუცხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გუშინ ბაქოში მომხდარი ინციდენტის გამო ჩაიკეტა, კონსულმა კატეგორიულად უარყო.
როგორც „კვირას“ მამუკა ბალავაძემ განუცხადა, აზერბაიჯანის კანონმდებლობით საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეზღუდათ, რომლებიც 2006 წლამდე გამოშვებულ ავტომანქანებს ფლობენ. მისი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც „ევრო 4“-ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვერ გადაადგილდებიან. თუმცა, კონსული „კვირასთან“ საუბრისას განმარტებებსაც აკეთებს.
„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი არ ჩაკეტილა. მოქალაქეებისთვის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ეს ინფორმაცია ჩვენც დღეს შევიტყვეთ. თუმცა ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიგვიღია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარი ჩაიკეტა და მოქალაქეებს გადაადგილება შეეზღუდათ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აქ საუბარია ლაგოდეხი-ბელაქნის გამშვებ პუნქტზე, საიდანაც გვაცნობეს, რომ შეზღუდვა მხოლოდ იმ მანქანებით გადაადგილებას ეხება, რომელებიც ვერ აკმაყოფილებს „ევრო 4“-ის სტანდარტებს, ანუ ეს ეხება 2006 წლამდე გამოშვებულ მანქანებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ასეთი ტიპის მანქანით შეეცდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთოს, მან გამშვებ პუნქტზე უნდა დატოვოს გარკვეული თანხა, ან აზერბაიჯანის მოქალაქისგან თავდებით უნდა იყოს გაცხადებული, რომ საქართველოს მოქალაქე უკან დაბრუნდება.
უკან დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეს მოქალაქე ამ თანხას უკლებლივ მიიღებს. რაც შეეხება თანხას, თუ რა რაოდენობის თანხა უნდა დატოვოს მოქალაქემ გამშვებ პუნქტში, ეს დამოკიდებულია ავტომანქანის სიმძლავრესა და ძრავაზე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების სხვა ტრანსპორტით გადაადგილებას, არანაირი შეზრუდვა არ არსებობს და თავისუფლად გადაადგილდებიან სხვადასხვა ტრანსპორტით. ეს კანონი აზერბაიჯანის კანონმდებლობით, 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რაღაც გარკვეული შეფერხებების გამო, 1 აგვისტოდან ამოქმედდა“, – აღნიშნა განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მამუკა ბალავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე არ გაატარეს, ეჭვობენ, რომ მომხდარი ბაქოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უწყების პრესმდივანმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
იზა შაქარაშვილი