ჭურვების ქვეშ დაბადებულნი – „ჩვილები ხელში ავიყვანეთ და სარდაფში ჩავედით“
სვეტლანა გლომოზდა მშობლიურ ჩერნიჰივში მედდად 1989 წლიდან მუშაობს. უკანასკნელი წლები ახალშობილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
ის უვლის ბავშვებს, რომლებიც დროზე ადრე დაიბადნენ ან მკურნალობას საჭიროებენ სხვადასხვა მიზეზის გამო. აქტიური სამხედრო ქმედებების დროს ქალი ფეხით დადიოდა გზაზე, რომელიც 40-50 წუთს საჭიროებდა. სვეტლანა გლომოზდა „უკრაინულ პრავდას“ უყვება, თუ რა პირობებში იბადებოდნენ ჩერნიჰივში ბავშვები და როგორ გადაარჩინეს ისინი მედდებმა დაბომბვების დროს.
35 ადამიანიდან განყოფილებაში მხოლოდ 10 დარჩა
24 თებერვლის დილას სვეტლანა გლომოზდა მორიგე იყო. ომის დაწყების შესახებ მან კოლეგისგან გაიგო.
„ჩვენ გავიგონეთ აფეთქებების ხმა. როგორც აღმოჩნდა, ჭურვებს აეროდრომს ესროდნენ“, – იხსენებს სვეტლანა.
იმ დღეს, როგორც ყოველთვის, სამშობიაროში სიცოცხლე ჩქეფდა. ყოველდღე რამდენიმე ბავშვი იბადებოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 ბავშვი იმყოფებოდა, მაგრამ ყოველდღიურად აფეთქება სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა, ამიტომაც ხალხი მასობრივად ევაკუირდებოდა გაცილებით უსაფრთხო რეგიონებში. ორსულებისა და ჩვილების რიცხვი შემცირდა.
ადგილს ტოვებდნენ სამშობიარო სახლის თანამშრომლებიც. 35 სამედიცინო მუშაკიდან ჩერნიჰივში, დაახლოებით, 10 ადამიანი დარჩა: მედდები, სანიტრები და ექიმი. ექიმი, ოჯახთან ერთად, საავადმყოფოს თავშესაფარში ცხოვრობდა. ასე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც შორს ცხოვრობდნენ და ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავდათ.
ერთი თვის განმავლობაში ჩერნიჰივში ორი ტრიპლეტი დაიბადა
ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სადაც სვეტლანა მუშაობდა, სამშობიაროს მეოთხე სართულზე იყო. როდესაც რუსებმა მეზობელი მიკრორაიონების დაბომბვა დაიწყეს, მაშინ განყოფილება პირველ სართულზე ჩამოვიდა.
ქალები დერეფნებში მშობიარობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვილები, დედებთან ერთად, ცივ, მაგრამ ბომბებისგან უსაფრთხო თავშესაფარში გადაჰყავდათ. იქვე იწვნენ ორსულები და ისინი, ვინც სამშობიაროდ ემზადებოდა. თუმცა, ვადაზე ადრე გაჩენილი ბავშვების სარდაფში ჩაყვანა, რომლებიც თერაპიას გადიოდნენ სპეციალურ ბოქსებში და აპარატზე იყვნენ შეერთებულნი, შეუძლებელი იყო.
„ბავშვები ხელოვნური ვინტილაციის აპარატებზე გვყავს შეერთებული. მათ ჟანგბადი ესაჭიროებათ. წვანან სპეციალურ ყუთებში, რათა თბილად იყვნენ. თავშესაფარში არ არის პირობები იმისთვის, რომ აპარატურამ იმუშაოს, ამიტომ ჩვენ პირველ სართულზე ჩამოვსახლდით და აქვე ვმუშაობთ“, – ამბობს მედდა.
ომის პერიოდში ორი ტრიპლეტი დაიბადა. როგორც სვეტლანა ამბობს, ეს იშვიათობაა ჩერნიჰივისთვის. ბავშვები თავს კარგად გრძნობდნენ, ამიტომ ისინი მალევე გაწერეს სახლში.
ერთი ჩვილი მთელი თვე საავადმყოფოში ახლობლების გარეშე ცხოვრობდა. დედა სხვა ქალაქში წავიდა უფროსი შვილების მოსანახულებლად, ამ დრო კი, ომი დაიწყო და უკან დაბრუნება ვერ შეძლო.
„ის ყოველდღე რეკავდა, კითხულობდა, როგორ იყო ბავშვი. შემდეგ ჩვილები წაიყვანეს კიევში რეანომობილით. ეს ბავშვიც წაიყვანეს. იქ უნდა მისულიყო მისი დედაც, რათა ბოლოს და ბოლოს წაეყვანა თავისი შვილი“, – ჰყვება სვეტლანა.
დაბომბვის დროს პერსონალს ბავშვები ხელში აჰყავდა და თავშესაფარში მიჰყავდა.
აქტიური სამხედრო ქმედებების დროს ხელმძღვანელობამ პერსონალის მორიგეობის ცხრილი შეცვალა. ისინი ორი დღე-ღამე ზედიზედ მუშაობდნენ და შემდეგ სამი დღე ისვენებდნენ. ასე გააკეთეს იმ მიზნით, რომ გარეთ გასვლა ნაკლებად დასჭირვებოდათ.
სვეტლანა სამსახურში ფეხით დადიოდა, რადგან ტრანსპორტი არ იყო. გზა, ერთი მიმართულებით, 40-50 წუთს მოიცავდა.
„ხანდახან, სიარულისას მომბების ჩამოვარდნის ხმა მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ზოგჯერ მეუღლე მაცილებდა, მაგრამ მერე ავუკრძალე, რადგან ყოველ ჯერზე ვღელავდი, როგორ მივიდოდა სახლში“, – ამბობს სვეტლანა.
შემდეგ სვეტლანას შვილებმა, Facebook-ის მეშვეობით, ხალხს სთხოვეს, რომ მათი დედა ვინმეს სამსახურამდე მიეყვანა ხოლმე. თხოვნაზე მათ ბევრი მოხალისე გამოეხმაურა, ვინც ქალაქში რჩებოდა და საქმეებზე დადიოდა. შესაბამისად, მისთვის სამსახურამდე მისვლა უკვე ადვილი გახდა.
წყალმომარაგება, სითბო და ელექტროენერგია ჩერნიჰივში უკვე რამდენიმე კვირა არ იყო. წყალი საავადმყოფოში სათლებით მიჰქონდათ. შუქი გენერატორის მეშვეობით ჰქონდათ. ის საკმარისი იყო დანადგარებისთვის და განათებისთვის სახელდახელოდ მოწყობილ საოპერაციოში.
დაბომბვა სვეტლანას მორიგეობის დროს ორჯერ მოხდა. პირველად ღამით დაზიანდა იქვე, ახლოს არსებული საავადმყოფო და მასთან მდებარე ტრავმპუნქტი. იქ, თითქმის, ყველგან შუშები ჩამოიფშვნა.
„ჩვენ ბავშვები ხელში ავიყვანეთ და სარდაფში ჩავედით. ვისხედით დივანზე და ვკანკალებდით. აქ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ზევით, მაგრამ თუკი ჭურვი დაგვეცემოდა, სარდაფი ვერ გადაგვარჩენდა“ , – თვლის სვეტლანა.
ბავშვები, ვინც სპეციალურ მოწყობილობებში იწვნენ, პირველ სართულზე რჩებოდნენ. მათი აპარატიდან მოხსნა არ შეიძლებოდა. საბედნიეროდ, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა.
მორიგეობისას, მეორე დაბომბვის დროს ჭურვი პირდაპირ სამშობიარო სახლის წინ ჩამოვარდა. მაშინ აფეთქების ტალღამ შენობაზე მინები ჩაამსხვრია პირველიდან მეხუთე სართულამდე. დაზიანდა ადმინისტრაციული კორპუსი. ადამიანები სასწაულებრივად გადარჩნენ.
***
რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ ჩერნიჰივში სიჩუმემ დაისადგურა. ქალაქი ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. სამშობიარო სახლში გაჩნდა სინათლე და წყალი. ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყუთში სუნთქვდა და ცხოვრობდა პატარა ვერონიკა. ის 28-ე კვირას გაჩნდა და 900 გრამს იწონიდა. გვერდით ცარიელი საწოლია, ნაადრევად დაბადებულებისთვის. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იქ 23 კვირის ჩვილი იწვა, რომელიც მხოლოდ 500 გრამს იწონიდა და ამიტომ, ვერ გადარჩა.
ექიმები მშობიარობის პროცესს უკვე ცივილიზებულად, სპეციალურად აღჭურვილ ოთახებში ატარებენ. მხოლოდ სამედიცინო სავარძლები, მაგიდები დერეფანში და ბომბებისგან ჩალეწილი ფანჯრები ახსენებს მათ, როგორ შეხვდა სამყარო 2022 წლის მარტში დაბადებულებს…