“საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა სერიოზული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა“
ყველა ადამიანს, როგორც კერძო პირს შეუძლია ჩავიდეს იქ, სადაც უნდა და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების სოჭში, ოლიმპიადაზე ჩასვლის ფაქტს. როგორც მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ თიბილოვი სოჭში ოფიციალურად მიწვეულნი არ ყოფილან. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ის აჟიოტაჟი, რაც ამ ამბავს მოჰყვა გადაჭარბებულია.
“ჩვენ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მსოფლიოს საერთაშორისო კომიტეტში გადავამოწმეთ, სადაც აცხადებენ, რომ ანქვაბი და თიბილოვი პუტინის მიერ მიწვეულთა ოფიციალურ სიაში არ ყოფილან. ყველანაირი აჟიოტაჟი ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია. ყველას, როგორც კერძო პირს, შეუძლია ჩავიდეს იქ, სადაც უნდა და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მინისტრმა საქართველოს მიერ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა სერიოზული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა.
“ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, იყო როგორც საწინააღმდეგო, ისე სასიკეთო არგუმენტები. ეს ყველაფერი მოვისმინეთ და დაიბადა ის გადაწყვეტილება, რაც შემდეგ საზოგადოებას ეცნობა“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.