ხულოს მერია: ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ორგანიზებით, რევაზ და გუგული სოლომონიძეების მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა

“ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო”,- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რევაზ და გუგული სოლომონიძეებს განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მათი მრავალწლიანი შრომა, პროფესიონალიზმი და ერთგულება მომავალი თაობებისთვის მაგალითია.

რევაზ სოლომონიძე 1954 წლის 8 ივნისს, სოფელ ოქრუაშვილებში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკვე 48 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 2004 წლიდან დღემდე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში ლექტორის პოზიციაზე მუშაობს.

გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984-2011 წლებში წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სხვადასხვა წლებში კი რაიონული და საკრებულოს საბჭოების წევრად საქმიანობდა. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოთი და სიგელით არის დაჯილდოებული.

საღამოს რევაზ და გუგული სოლომონიძეების ოჯახის წევრები, პედაგოგები, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები