ალექსანდრე დარახველიძე – მიგრაციის პოლიტიკაზე: ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მართვის მიმართულებით არსებობდა

“ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მართვის მიმართულებით არსებობდა”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დარახველიძემ განმარტა, რეფორმა რამდენიმე რეგულაციას ითვალისწინებს: სასწავლო ბინადრობების არამიზნობრივი გამოყენების აღსაკვეთად წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი, დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის მიზნით, ხოლო არალეგალური მიგრაციის ოპერატიულად გამოვლენის მიზნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება ემატება.

“ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.
გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას. დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.
მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით.
იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები