უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი კახა კალაძეს შეხვდა
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. შესაბამის განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
“საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა, რა დროსაც უკრაინის მოქალაქეების დახმარების გადაუდებელი საკითხები განიხილეს, რომლებიც იძულებით საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნასა და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსურ დახმარებას.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია მზადაა, საკრებულოსთან თანამშრომლობით, თბილისის ერთ-ერთ სკვერს „უკრაინის გმირების“ წოდება მიენიჭოს.
უკრაინულმა მხარემ მადლობა გამოხატა თბილისის მერიის მიერ უკრაინისთვის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის (საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.)“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.