რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ასევე, დაზიანებულია ცენტრალური წყალსადენი.
აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ ისაუბრა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა ცენტრალური წყალსადენი დააზიანეს, მაგრამ ქალაქი წყლით მაინც მარაგდება სარეზერვო წყალსაცავიდან.
გარდა ამისა, მისი თქმით, განადგურებულია 34 ელექტრო ქვესადგური.
მერის ცნობით, მარიუპოლის საბაჟო ხიდზე დივერსია მზადდებოდა.
„არსებობს ინფორმაცია ჩვენი სამხედროებისგან, რომ ქალაქში სადივერსიო ჯგუფები მუშაობენ. ერთ-ერთი დივერსანტი დღეს დააკავეს, როდესაც ის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, კონკრეტულად კი, საბაჟო ხიდზე მწვანე ჯვრებს ხატავდა, რაც საავიაციო დარტყმის გამარტივებისთვის კეთდება“, – თქვა ბოიჩენკომ.