უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს მას შემდეგ გადააჭარბა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო უკრაინაში, დონბასის რეგიონში.

Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე 102.30 დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი და ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.

ამის პარალელურად, ოქროს ფასი – რომელიც გაურკვევლობის დროს თავშესაფრად ითვლება – 2%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინაზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდანაც მიმდინარეობს.
ამასთან, უკრაინა ავრცელებს პირველ ცნობებს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები