ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობის“ მხრიდან შერიგების ინიციატივის გახმოვანება ცინიზმია
“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შერიგების ინიციატივის გახმოვანება არის ცინიზმი. მათ შერიგება და პატიება ასიათასობით იმ მოქალაქეს უნდა სთხოვონ, რომლებიც მსხვერპლი და დაზარალებული გახდნენ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
„პატიება და შერიგება ჯერ ამ ადამიანებს სთხოვონ, მანამდე მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ შერიგებაზე. თუ ვინმეს შერიგება უნდა, შერიგების მსურველი უკანონოდ, მხდალურად და საზღვრის უკანონო კვეთით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მიზნით არ იპარება. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მან თავად გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და მან კარგად იცოდა, რომ კანონი აღსრულდებოდა, თუმცა, ცინიზმით გამოირჩეოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უსუსურია, მელიას და სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ კანონი აღსრულდა და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ქვეყანაში ვინ ასრულებს კანონებს. ამ სცენარის ავტორებს სურთ, შერიგებაზე გვესაუბრონ. ჩიხში არ ვართ, რომ გამოსავალზე ვისაუბროთ. კანონი უნდა აღსრულდეს, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.