"მეცხრე არხის" ლიცენზია უქმდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “მეცხრე არხის” თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც „კვირას“ კომისიიდან აცნობეს, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირექტორის ლუბა ელიაშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადება დაედო საფუძვლად. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას არხის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო და ამავე დღის 21:00 საათზე “მეცხრე არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2014 წლის 10 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება. საჯარო სხდომაზე მიწვეული იქნება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და მათ საშუალება ექნებათ საკუთარი პოზიცია კომისიის წევრებს წარუდგინონ.