ანრი ოხანაშვილი: მგონი, „ნაცმოძრაობა“ ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებს ბოიკოტს
“არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები დღეს იქნებიან კომიტეტის სხდომაზე და შეკითხვებს დასვამენ. თუ რამე შეკითხვა აქვთ, შეუძლიათ, კანდიდატს დაუსვან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების დღევანდელ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მილევად რეჟიმშია.
„სხვა საკითხს რაც შეეხება, ეს ერთმანეთში შეუძლიათ, გაარკვიონ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა პოზიციას აჟღერებს. ფაქტი ერთია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილნი და მათ გარანტირებულად ექნებათ კითხვების დასმის საშუალება. შეგიძლიათ, დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს? მგონი, ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს. ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები. ეს მათი არჩევანია. მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის. ასე რომ, ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.