ექსკლუზივი: ინდოეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს არ აუქმებს
ინდოეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი სავიზო პროცედურების გამარტივება, მით უფრო, გაუქმება არ მოხდება,- ამის შესახებ „კვირას“ ინდოეთში საქართველოს საკონსულოში ექსკლუზიურად განუცხადეს.
როგორც საკონსულოში განმარტავენ, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ინდოეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, ინდოეთი გეგმავს გარკვეული სავიზო პროცედურების გამარტივებას და არა გაუქმებას ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგრამ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვში არ შედის.
„არანაირი ოფიციალური შეტყობინება ამ თემაზე ინდოეთის ოფიციალური სტრუქტურებიდან საქართველოს საელჩოს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია. ინდოეთი გეგმავს გარკვეული სავიზო პროცედურების გამარტივებას (და არა გაუქმებას) ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაში, მაგრამ საქართველო არ შედის ამ ქვეყნების რიცხვში. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი სავიზო პროცედურების გამარტივება, მით უფრო გაუქმება არ მოხდება“, – აცხადებენ საკონსულოში.
საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, არც საქართველოს მთავრობა გეგმავს სავიზო პროცედურების გამარტივებას ინდოეთის მოქალაქეებისთვის. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე, ეს საკითხი საერთოდ არ დგას საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდურ მხარესთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე მხოლოდ იმ პირთათვის, ვისაც აქვს დიპლომატიური და/ან სამსახურებრივი პასპორტი. ეს ჩვეულებრივი გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში. ანუ, მომავალში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შესაძლებელი გახდეს მხოლოდ იმ კატეგორიის პირებისთვის, ვისაც ექნება დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, თავისი სამსახურებრივი/თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოსა და ინდოეთის იმ მოქალაქეებს, ვისაც ჩვეულებრივი (ორდინალური) პასპორტები აქვთ, მათ უვიზო მიმოსვლა არ შეეხებათ“,- განუცხადეს „კვირას“ საკონსულოში. შეგახსენებთ რომ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ინდოეთის მხრიდან მსოფლიოს 180 ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ქვეყნების სიაში საქართველოც არის.