ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილები არიან დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა. მათ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს. ტაძარში 4 ადამიანია დასვენებული. მათ დღეს დაკრძალავენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.