თამარ გაბუნია: დღიურად საშუალოდ 25 000 აცრა არაა საკმარისი ეპიდემიის გარდატეხისთვის, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პანდემიაზე საუბრისას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია, 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად.
დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.