“სამართლიანობისთვის მებრძოლი” ჭუტას ნაყიდი სამართალი – რა ისტორიას მალავდა ვატო წერეთელი 21 წელი – POSTV-ის სიუჟეტი

რას მალავს სამართლიანობისთვის მებრძოლი მედიამფლობელის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის წარსული – POSTV-ის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 2000 წლის 16 ივნისს ვატო წერეთელმა ავტოავარიისას 16 წლის მოზარდი იმსხვერპლა.
„ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული ინახავს ისტორიას, თუ როგორ მიჩქმალა მაშინდელმა სახელმწიფო მანქანამ დანაშაული და როგორ გულგრილად მიუდგა იმჟამინდელი მედია ერთი ოჯახის ტრაგედიას, რომლის მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელია.
მამუკა ხიდაშელი 15 წლის მოზარდი იყო. დედასთან ერთად ბოლო ვარჯიშზე მიდიოდა, საზაფხულო არდადეგები უკვე დაწყებული იყო და მეორე დღიდან ისიც მეგობრებთან ერთად დასვენებას გეგმავდა. მაგრამ მეორე დღე უბრალოდ არ დადგა. ხვალ უკვე სიკვდილი იყო.
სახლიდან დილით დედასთან ერთად გამოვიდა, ავტობუსით იმგზავრა, ორთაჭალაში გორგასლის ქუჩაზე გაჩერებაზე ჩამოვიდა და შუქნიშანთან გაჩერდა გზის გადასაჭრელად. ბოლოს რაც დაინახა, მისი მიმართულებით სწრაფად მიმავალი “მერსედესი” იყო“, – ნათქვამია სიუჟეტში.

“პოსტ ტვ”-სთან საუბარში დედას ამ დღის გახსენება დღემდე უჭირს. ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაარტყა მანქანამ მის შვილს, ზემოთ აისროლა და რამდენიმე მეტრის იქით გადააგდო. 15 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვატო წერეთელი მართავდა, რომელიც იმ ავბედით დღეს დაცვის თანხლებით, ორი ავტომობილით გადაადგილდებოდა. დღეს მამუკა ხიდაშელი 36 წლის გახდებოდა. საქმე აღიძრა, შემთხვევა ბალნეოლოგიურ საავადმყოფოსთან მოხდა. კლინიკის დარაჯმა გამოძიებას ჩვენება მისცა და დეტალურად აღწერა ის, რაც დაინახა.
სერგო კარაპეტიანი აღწერს, როგორ იდგა მოზარდი ტროტუარზე დედასთან ერთად, როგორ წამოვიდა მეტეხის ხიდის მხრიდან “მერსედესის” ჯიპის მანქანა, რომელიც ცდილობდა მის წინ მიმავალი ავტომობილისთვის გასწრებას, რა დროსაც ხაზი გადაკვეთა, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ტროტუართან მდგომ 15 წლის ბიჭს დაეჯახა.
მოწმე იმავეს იმეორებს მეორე დღესაც, როცა გამოძიება მისი ჩვენებას ადგილზე ამოწმებს. თუმცა, უფრო გვიან, ერთი თვის შემდეგ სერგო კარაპეტიანმა გადათქვა ვატო წერეთლის მამხილებელი ჩვენება, თქვა, რომ თვითონ არაფერი უნახავს, ხოლო პირველ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები უცნობი პირისგან მოისმინა. ვატო წერეთლის სასარგებლოდ ინდენტური ჩვენებები მისცეს ვატო წერეთლის დაცვის წევრებმაც, თქვეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არასრულწლოვნის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელმაც, საგზაო წესების დარღვევით გადმოირბინა გზის სავალ ნაწილზე, რა დროსაც ვატო წერეთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განახორციელა შეჯახება. თუმცა, სხვა რამეს ამბობდა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ვატო წერეთლის დანაშაულზე მიუთითებდნენ“, – ამბობს სიუჟეტის ავტორი.
POSTV ვატო წერეთლის ყოფილი დაცვის წევრებს დავუკავშირდა. დღესაც, როგორც წლების წინ, სამივე მათგანს ერთნაირი პოზიცია აქვს, ამბობენ, რომ არაფერი ახსოვთ.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, მერე იყო ჩაწყობის, საქმის შეკერვისა და ყველაფრის გარდაცვლილ 15 წლის ბიჭზე გადაბრალების მთელი პროცესი, მაშინ სახელმწიფომ წერეთლების გავლენიანი ოჯახის ინტერესების დაცვა არჩია 15 წლის გარდაცვლილი ბიჭის უფლებების დაცვას.
„მაშინ დრო იყო ასეთი, ვინც ავტობუსით მოძრაობდა მას უფლებები არ ჰქონდა, ვისაც დაცვაც ემსახურებოდა და ძვირადღირებულ მანქანას ფლობდა სამართალსაც ის „ყიდულობდა“. ჰოდა, როგორც ჩანს, ვატო წერეთელის ბიზნესმენმა მამამაც იყიდა შვილისთვის თავისუფლება, სამართალზე და სამართლიანობაზე მაშინ არავი უზრუნია, მათ შორის, არც მედიას. 2000 წლის 11 ოქტომბერს საქმის გამომძიებელმა პროკურორის თანხმობით ვატო წერეთლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა და მედიამაც ამ ტრაგიკულ საქმეზე სამუდამოდ ჩაიგუბა პირში წყალი“, – ნათქვამია სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები