ალექსანდრე თვალჭრელიძე: ნახეთ, ვინ გამოაცხადა ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? – ნიკა გვარამიამ… უფრო დიდი ცინიზმი არაფერი მგონია, როდესაც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

ნახეთ, ვინ გამოაცხადა ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? – ნიკა გვარამიამ… უფრო დიდი ცინიზმი არაფერი მგონია, როდესაც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს და გუშინ მასმედიის წარმომადგენლების მიერ კანცელარიასთან და პარლამენტთან გამართულ აქციებს ეხმაურება, სადაც მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორებისა და მასში მონაწილეების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს.

ექსპერტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უმკაცრესად დაისაჯონ არამარტო ძალადობაში მონაწილე პირები, არამედ ამ ყველაფერის ორგანიზატორებიც.

,,სულითა და გულით ვუერთდები ჟურნალისტების საპროტესტო აქციას, თბილისში არა ვარ, თორემ აუცილებლად მივიდოდი კანცელარიასთან. მედიაზე თავდასხმა პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე. თქვენ ხართ, პრაქტიკულად, ერთადერთი გარანტი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი ადამიანები ვერაფერს ვიზამთ, რაც უნდა ვიყვიროთ, რადგან ჩვენი ხმა უთქვენოდ ვერსად მიაღწევს. ახლა რაც შეეხება, პარლამენტთან ჩატარებულ აქციას. ნახეთ, ვინ გამოაცხადა ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? – ნიკა გვარამიამ… უფრო დიდი ცინიზმი არაფერი მგონია, როდესაც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. უდიდესი ტრაგედიის რევანშისტული ძალების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე მთავრობის პასუხი იყო დილეტანტური და ყოვლად არაადეკვატური. ვთქვათ, გადადგნენ ბატონები ღარიბაშვილი და გომელაური, ვინ უნდა მოვიდნენ მათ ადგილას? რაღაცის შეცვლა რომ მოინდომო, ალტერნატივა ხომ უნდა არსებობდეს? ვინმეს სჯერა, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობას უმცირესობას ჩააბარებს? ჩემი აზრით, ეს ყოვლად ფუჭი და არარეალური მოთხოვნებია. ჯობია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უმკაცრესად დაისაჯონ არა მარტო ძალადობაში მონაწილე პირები, არამედ ამ ყველაფერის ორგანიზატორებიც. რაც უნდა აღმოჩნდეს ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, თუნდაც ზედოზირება, რის დამტკიცებასაც ცდილობს შსს, მთავარი მიზეზია, ის უმოწყალო ცემა, რამაც ადამიანს შეიძლება ფსიქოლოგიური და ნერვული აშლილობა დამართოს. ხელისუფლებას ნუ ჰგონია, ამ ვერსიის განვითარებით პასუხისმგებლობას მოიხსნის…

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენების ზოგად შეფასებას, შექსპირის ცნობილ პიესას გავიხსენებ, იმ ეპიზოდს, როდესაც ჰამლეტი ამბობს, რაღაც დალპა დანიის სამეფოშიო… დიახ, სამეფო, სადაც რაღაც დალპა, საბოლოოდ შიდა კონფლიქტებს გადაჰყვა, შედეგად კი ის ნორვეგიელმა ფორტინბრასმა დიდი ჯარისა და ძალისხმევის გარეშე აიღო.

სახელმწიფოს ყოველთვის შიდა კონფლიქტები ასუსტებს. ჩვენი მტერი ამით სარგებლობს და ძველებურად ცდილობს მეტად დაგვასუსტოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დროის პრობლემა. სამწუხაროდ, ამისთვის ის იყენებს ინსტიტუტს, რომელიც ქვეყნის დანაწევრების კი არა, გაერთიანების სიმბოლო უნდა იყოს.

2004 წელს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის 24-მა სტუდენტმა გამოაქვეყნა ღია წერილი. ცნობილია, რომ იმჟამად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მედიას, რომ წერილი არ გაეხმაურებინათ და შესაბამისად, პრობლემები, რაზეც სტუდენტები წერდნენ, უყურადღებოდ დარჩა. არადა, ეს იყო საღად მოაზროვნე ახალგაზრდების გულისტკივილით დაწერილი წერილი, რომელიც აჩვენებდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ეკლესიაში იმჟამად, რომ ყურადღებამისაქცევი იყო მოძღვართა ნაწილის უვიცობა, მრევლის ნაწილის მლიქვნელობა, რომელიც არ კითხულობს სახარებას და ტლუდ მისდევს რაღაც რჩევებს. ასევე ლაპარაკი იყო კორუფციულ საფრთხეებზეც ეკლესიაში. სამწუხაროდ, მაქვს პირადი გამოცდილება როგორც ეკლესიის ყოვლად უწიგნურ მსახურთან ურთიერთობის, ასევე მინახავს იმგვარი ვითარებაც, რაც ბუნებრივად აღმიძრავდა კორუფციის არსებობის ეჭვს. მაგალითად, მინახავს ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი, რომელიც ახლა ხშირად ლაპარაკობს ეკლესიის სახელით, როგორ მასპინძლობდა რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს, მიაცილებდა მათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას უძვირფასესი მანქანით და თან დაჰყვებოდა ასევე ძვირფასი ჯიპებისგან შემდგარი დაცვის ესკორტი. თუმცა, იმავდროულად, მინახავს მონაზონი, რომელიც 47 კილომეტრს გადიოდა ტვირთით ხელში, რათა ერთ-ერთ მონასტერში საკვები ჩაეტანა. ისმის კითხვა, პრივილეგირებული იერარქებისთვის ძვირად ღირებული მანქანების შეძენის ფული თუ აქვს საპატრიარქოს, მართლა პატიოსანი, გულწრფელად მორწმუნე ბერ-მონაზვნებისთვის ცოტაოდენი თანხა რატომ არ ემეტება, რათა ურთულეს პირობებში ფეხით მაინც არ იარონ?! ასეთი უთანასწორობა ეკლესიაში ქმნის ძალიან სახიფათო პრეცედენტებს. დღეს, როდესაც ცოტა დასუსტდა ჩვენი პატრიარქი, ეკლესია ძალიან მძიმე გზას გადის. უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. სამწუხაროდ, არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია.

მოგეხსენებათ, უკრაინის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და ქართული ეკლესიის გარდა, ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მას მიულოცა. ჩვენთან, ოღონდ რუსულ ეკლესიასთან არ გავიფუჭოთ ურთიერთობაო, არც შეიმჩნიეს.

5 ივლისს ამ შავ-ბნელი მასის მობილიზება მიზანმიმართული იყო და რა გააკეთა ამ დროს ეკლესიამ? სად ვნახეთ ქრისტიანული სათნოება, შემწყნარებლობა, სულის სიწმინდე? იმის ნაცვლად, რომ ეს ექადაგათ, რიგი სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი იერარქებიც, პირდაპირ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ ხალხს. მეტიც, ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირები, როდესაც სასულიერო პირები თვითონ ძალადობდნენ. ვინმემ დაიჭირა ისინი? საპატრიარქომ საყვედურები გამოუცხადაო, მაგრამ, სად არის კანონის უზენაესობა? ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იცით, უბედურება რა არის? ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია. აგერ, პარლამენტთან დადგეს რკინის ჯვარი, რომელიც, ფაქტობრივად, განხეთქილების მიზეზად არის ქცეული, და მიდის მსჯელობა, უნდა აიღონ თუ არა… ახლა მე რომ წავიდე და იქ დავდგა არისტოტელეს ან ჩვენი რომელიმე დიდი წინაპრის სკულპტურა უნებართვოდ, თუ იცით, რა მოხდება? მაშინვე აიღებენ, მე კი პასუხს მაგებინებენ. როგორ შეიძლება კანონისადმი ასეთი დამოკიდებულება?!,”- აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

მისი თქმით, ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი სადამსჯელო აქცია, რომელსაც ჩვენი ჩრდილო მეზობელი მართავდა. მათ გამოიყენეს შექმნილი ვითარება მედიაზე იერიშის მისატანად.

,,რატომ მიიტანეს ასეთი შეტევა მედიაზე? – ამაზე მაქვს ჩემი მოსაზრება.­ რამდენად ბევრი პრობლემაც­ უნდა გვქონდეს და რა სიმახინჯეებიც უნდა ვლინდებოდეს, ფაქტია, საქართველო ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილშიც, ამის უმთავრესი გარანტი კი თავისუფალი მედიაა. ის ქვეყანა, რომელსაც სურს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასამარება, საკუთარ მტრად განიხილავს სწორედ თავისუფალ მედიას. ამიტომაც ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი სადამსჯელო აქცია, რომელსაც ჩვენი ჩრდილო მეზობელი მართავდა. მათ გამოიყენეს შექმნილი ვითარება მედიაზე იერიშის მისატანად, თუმცა ეგონათ, რომ რაღაც მათთვის სასარგებლო მოიფიქრეს და გააკეთეს, მაგრამ გამოუვიდათ ის, რაც ყოველთვის გამოსდით, ანუ საწინააღმდეგო ეფექტი მიიღეს – თქვენ კი არ შეგეშინდათ, კიდევ უფრო გაბრაზდით…

ლევან ვასაძე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, თან რუსეთის დედაქალაქიდან. რაღაა აქ გასაკვირი ან მოულოდნელი?! ეს ხალხი პირდაპირ აცხადებს, რომ ვინც მათთან არ არის, ის მათი მტერია, რაც ნეობოლშევიკური ლოზუნგია. ამგვარი პოზიციები წარსულში, სიბნელეში გვაბრუნებს… როდის იყო ჩვენი სახელმწიფო ძლიერი, როდესაც აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება ჩაატარა და რეფორმა გაატარა – ეკლესიიდან განდევნა ძალები, რომლებიც სახელმწიფოს ასუსტებდნენ. სამწუხაროდ, სასულიერო პირების ნაწილი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა დღესაც, ერევა ქვეყნის მართვაში, საარჩევნო პროცესში… სახელმწიფო მათთან შემწყნარებელი კი არა, ხისტი და პრინციპული უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ ითვალისწინებენ ჩვენს ხასიათს. სამხრეთულ ქვეყნებში არის ეს პრობლემა, მაგალითად, ასეთი ტიპის პრაიდის გამართვა ძალიან გაუჭირდებათ პალერმოში, ნეაპოლში… ხომ ევროკავშირის წევრია იტალია, დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ არის ამგვარი განწყობა. მე ეს განათლების დეფიციტისა და დემოკრატიული განვითარების პრობლემა უფრო ნაკლებად მგონია. გარდა ამისა, თუ ვიცავთ ერთი ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ უნდა დავიცვათ სხვა ჯგუფისაც. ამას მოითხოვს სამართლიანობა. რა თქმა უნდა, მოძალადე რადიკალებს არ ვგულისხმობ. თუ თანასწორობაა, მეც მაქვს უფლება გამოვიდე და დავიცვა ქართული ოჯახი, მაგრამ ისმის კითხვა, სოლიდარობას გამომიცხადებს კი ევროკავშირი? მოკლედ, სხვის აზრსაც უნდა ვცეთ პატივი, რაც უნდა არ ვიზიარებდეთ მას. როცა ლაპარაკია დემოკრატიზაციაზე, ფორმალურ მხარეს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ სიღრმისეულად უნდა ჩავწვდეთ ამა თუ იმ პრობლემას,”- აცხადებს ექსპერტი.

5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ დილით ,,ტვ პირველის” დაშავებული ოპერატორი, რომელსაც აქციაზე სცემეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექპერტიზა სწავლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები