იოსებ ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავია, ქადაგიშვილი ეხმაურება. „ნაციონალების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამიზნულად აგორებულ ჭორს უწოდებს.
ქადაგიშვილის განცხადებით, მისი ადვოკატი “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ “ავანტიურას და თავგასულობას“ სასამართლო გამოააშკარავებს.
”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და ,,ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოააშკარავებს“, -განაცხადა იოსებ ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრის ოჯახში კორუფციაზე საუბრობს. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“, რომლის 51%-ის მფლობელი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი თამარ ჯანყარაშვილია.