ვახტანგ გომელაური: ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი – გამოძიებიდან გამომდინარე, დაისჯებიან კანონის შესაბამისად
“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია”, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით გარეჯში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში “სინოფარმით” აცრის ჩატარების შემდეგ უპასუხა.
„დავით გარეჯში მომხდარ გუშინდელ ფაქტზე გამოძიების გადაკვალიფიცირების შესახებ მე დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ იქედან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე.
გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, იცით. მე ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიმართ. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ჟურნალისტებზე, მით უმეტეს, მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.