ეკა ბესელია კომპანია "სერპანტინთან" თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის კავშირს უარყოფს

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კომპანია “სერპანტინთან” თამაზ თამაზაშვილისა და მისი ოჯახის კავშირს უარყოფს. აღნიშნულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სესიაზე ისაუბრეს, რასაც ეკა ბესელია გამოეხმაურა.
“ბეჟაშვილს მინდა ვუპასუხო იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეგნებულად არასწორად გაავრცელა. კომპანია “სერპანტინი” კომუნისტების პერიოდიდან არსებობს… თამაზ თამაზაშვილს და მის ოჯახს ამ კომპანიასთან არ აქვს არანაირი კავშირი. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ის ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეთ, როცა იარაღი ჩაუდეთ და უკანონოდ ამყოფეთ ციხეში. როცა ამ ადამიანს აბრალებდით ათას სისაძაგლეს. თავი დაანებეთ სიცრუეს და შეურაცხმყოფელი განცადებების გაკეთებას”, – მიმართა ბესელიამ ბეჟაშვილს. მან სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მათი ევროპული სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვაა.
“ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან წარმატებული ვიზიტი, ევროტურნე და მან მიუნხენში, ბრიუსელში საქართველოს ინეტერსები ისე დაიცვა, რომ იმის 20%-იც რომ დაეცვა თქვენს ხელისუფლებას, დღეს საქართველო ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. თქვენი ევროპული ფასეულობა იყო გვამების შეკვეთა, ხურჩის ეპიზოდის დადგმა და ტერაქტების მოფიქრება, თქვენი ევროპული სტანდარტი იყო სამეგრელოს კადრები, როცა აწამებდით და აუპატიურებდით ადამიანებს და ამას იღებდით ფირებზე და ამას აკეთებდით ოფიციალური პირები საჯარო მოხელეების და გამომძიებლების მონაწილეობით, ეს იყო თქვენი ევროპული ფასეულობა. თქვენი სტანდარტი იყო ის, როცა ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიგაჩნდათ და ფეხქვეშ თელავდით მას. დღეს კი, ჩვენი ევროპული სტანდარტია ის, რომ ადამიანის ღირსება არის დაცული”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები