მეუფე შიო: იესო ქრისტემ პირველი ვის დაბანა ფეხები? პეტრეს, რომელიც იმავე დღეს უღალატებს, აღარ ვლაპარაკობ იუდაზე, აი, მათ ბანს ფეხებს და მაგალითად გვაძლევს, ამით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი სხვა ადამიანისგან

“იესო ქრისტემ პირველი ვის დაბანა ფეხები? პეტრე იყო, რომელიც იმავე დღეს უღალატებს, აღარ ვლაპარაკობ იუდაზე, აი,  მათ ბანს ფეხებს და ამით მაგალითად გვაძლევს, ამით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი სხვა ადამიანისგან”, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ დღევანდელი დღის შესახებ ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. ვნების კვირა არის ისეთი პერიოდი წელიწადის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თვალწინ იშლება უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება განსაკუთრებული სიძლიერით და ის, თუ რა გააკეთა მან კაცობრიობისთვის. ვნების კვირაში დიდი ხუთშაბათიც არის განსაკუთრებული დღე, როდესაც გამოვლინდა მისი დიდი სიყვარული. დიდ ხუთშაბათს მან ბოლოჯერ შეკრიბა მოწაფეები, დაბანა ფეხები სერობის წინ და საიდუმლო სერობაზე დაარსა ევქარისტიის საიდუმლოება, ზიარების საიდუმლოება, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. ეს საიდუმლო სერობა ის ევქარისტია, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ ჩაატარა და აღასრულა არის იგივე, რაც ყველა ტაძარში სრულდება. ჩვენი ყველა წირვა და ლიტურგია არის იმ ლიტურგიის ნაწილი, ვინაიდან ის სერობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დროისმიერია, უდროობაში აღსრულდა, ამიტომ ყოველი ლიტურგია დედამიწაზე აღსრულებული არის მისი ნაწილი. იმ სერობაზე უფალმა აიღო პური განტეხა და თქვა ესს არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი და აკურთხა ღვინო და თქვა ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული. ეს მარადიულად განიტეხება და ჩვენ ვეზიარებით იმ სერობას უფალი იესო ქრისტეს მიერ შესრულებულს. ამ საიდუმლოებას ეწოდება ევქარისტია ანუ მადლიერება და ეს არის უმაღლესი ფორმის მადლიერების გამოვლინება ადამიანის მიერ. იმიტომ რომ, რა შეუძლია ადამიანს უძლურს და ცოდვილს ღმერთს მისცეს? მხოლოდ ის რომ ვეცადოთ ღმერთის ნება შევასრულოთ და მადლობლები ვიყოთ მისი.

ღმერთის ნება არის რომ ჩვენ ვმონაწილეობდეთ ზიარების საიდუმლოებაში, ეს არის მისი სურვილი. მეორე დიდი მაგალითი დღეს, რაც იესო ქრისტემ დაგვიტოვა, როგორც ანდერძი, ეს არის ის, რომ მან ფეხები დაბანა თავის მოციქულებს და თქვა, რომ როგორც მე დაგბანეთ ფეხები, თქვენ ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხებიო. ამითი სიმდაბლის და სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. ამგვარად, ქრისტიანობის ყველა მცნება გამოიხატება ორი მთავარი მცნებით: მზად ვიყოთ, ისე მოვექცეთ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ უღირსად გვეჩვენება ესა თუ ის ადამიანი, იესო ქრისტემ პირველი ვის დაბანა ფეხები? პეტრე იყო, რომელიც იმავე დღეს უღალატებს. ის მზად იყო და ამბობს შენთვის სიცოცხლეს დავთმობო მაგრამ საბოლოო ჯამში უღალატებს. თვითონ პეტრეც იესო ქრისტესთან შედარებით უღირსი იყო აღარ ვლაპარაკობ იუდაზე,აი მათ ბანს ფეხებს და ამით მაგალითად გვაძლევს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ქრისტიანი სხვა ადამიანისგან და დავფიქრდეთ გვაქვს თუ არა ასეთი შინაგანი განწყობა. ალბათ, შორს ვართ ასეთი დამოკიდებულებისგან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა მოგცეთ ასეთი განწყობა, რადგან მხოლოდ თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესთან და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი და მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ გავხდეთ თანაზიარნი ღმერთის ბუნების და იესო ქრისტესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიარებაც ამაო იქნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები