ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი; ეს შეუქცევადი პროცესი გავხადეთ სწორედ ჩვენ მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით

“საქართველოს არჩევანი, ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი, ეს არის, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის, ან პოლიტიკური გუნდის, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რისთვის არის საქართველო მზად მაშინ, როდესაც ქვეყანას გაცხადებული აქვს, რომ 2024 წელს ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად, თან იმ ფონზე, როდესაც კრემლიდან გვესმის განცხადებები ძალიან ხშირად, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოსკოვი განიხილავს, როგორც რეგიონში გარკვეულწილად არეულობის შემოტანის მცდელობად.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისწრაფება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენი კითხვა. მე მესმის, რომ რუსეთისთვის შეიძლება ეს არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს შეუქცევადი პროცესი გავხადეთ სწორედ ჩვენ მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა არის ამოწურული. შესაბამისად, მით უმეტეს, ეს ჩვენი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები