შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ა.კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს შვიდ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, –ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.