ანრი ოხანაშვილი: იმედი მაქვს, საარჩევნო ბარიერის საკითხზე საღი აზრი გამოიძებნება – ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ველოდებით
“ველოდებით კონკრეტულ პასუხს, როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე მსჯელობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთის ინტერესებს პატივი უნდა სცეს.
“ველოდებით კონკრეტულ პასუხს, როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესებს. ოპოზიციურ ჯგუფებში თუ არიან და ფაქტია, რომ არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ მათ ინტერესებს. თუ ამას არ აკეთებენ, ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე დისონანსს აჩენს და გაურკვევლობა შეაქვს. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობს შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე”.