ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში
“ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იქ დასაქმებულ პერსონალზე.
„როგორც იცით, ვაქცინაციის გეგმა დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გეგმა პირველი ეხება სამედიცინო პერსონალს. უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, რომელიც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებებში. ველოდებით ამ სიებს და ვაქცინის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას.
როგორც იცით, ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში, უფრო ზუსტად, ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ მოსახლეიბაში ფართო ვაქცინაცია.
საუბარი არის მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე. მე მუდმივად ვაზუსტებ ასევე აბსოლუტურ რიცხვს, რომელიც არის 1 600 000-დან 1 700 000-მდე მოზრდილი მოსახლეობის. 20 პროცენტი იქნება „კოვაქს პლატფორმიდან“ დაკმაყოფილებული, დანარჩენ რაოდენობას ჩვენ უკვე მივიღებთ სხვა მწარმოებლისგან. „კოვაქს პლატფორმიდან“ პასუხს ველოდებით თვის ბოლოს, 30 იანვარს გვექნება დამატებითი ინფორმაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.