თამარ გაბუნია: ვაქცინაციის დაწყებამდე იქნება რეგისტრაცია, რომელსაც, პირველ ყოვლისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე რეგისტრაციის შესაძლებლობა იქნება, რომელსაც, პირველ ყოვლისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაივლიან, რათა მთავრობას ჰქონდეს სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე.

გაბუნიამ სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვანია საინფორმაციო სისტემების გამართვა და გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საინფორმაციო მოდულის გადაწყობას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის. იმუნიზაციის მოდული დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოქმედებს დიდი ხანია, თუმცა, აქაც შესრულდა გარკვეული მოდიფიცირება იმისთვის, რომ პროგრამა მოერგოს ახალი ვაქცინაციის პროგრამის საჭიროებებს. აქვე იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჯერ, პირველ ყოვლისა, სამედიცინო პერსონალი, რომელიც პირველი სამიზნე ჯგუფი იქნება, დარეგისტრირდეს და ჩვენ გვქონდეს ზუსტი სურათი იმისთვის თუ ვინ ჩაერთვება პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურია ანტივაქსერული მოძრაობა, ასე იყო ყოველთვის და ახლა განსაკუთრებით აქტიური ხდება, ასევე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება და აქ სწორედ მედიასთან თანამშრომლობა და როლი არის ის, რასაც გეგმა უსვამს ხაზს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოკლე ხანში გვექნება მეტად აქტიური თანამშრომლობის საშუალება სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და რაც მთავარია, მოსახლეობაში ნდობის შექმნისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები