ივანე მაჭავარიანი: პურისა და საკვები პროდუქტების გაძვირების მოლოდინი არ არის, თუმცა, სუბსიდირება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო პური არ გაძვირდება, რადგან სახელმწიფო კომპანიებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის დიდ წილს მთელი 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.

„პურის გაძვირებას ჩვენ არ ველოდებით, რადგან პურის წარმოებასთან დაკავშირებით სრულად დავფარავთ ამ გაძვირების მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთან, ბიუჯეტში, რომელიც დღეს ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, არის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ყველაზე მსხვილ და ძირითად პურის ქარხნებს უსუბსიდირებდა არა ელექტროენერგიის გაძვირებიდან გამოწვეულ პოტენციურ გაძვირებას, არამედ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმატებას. შესაბამისად, პურთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მოვახდენთ ფქვილის ფასის სუბსიდირებას და, მეორე მხრივ, მოვახდენთ მნიშვნელოვან განეიტრალებას ელექტროენერგიის გაძვირებიდან გამომდინარე.

სხვა პროდუქტებს რაც შეეხება – ის, რაც საქართველოში იწარმოება, ერთმნიშვნელოვნად მოხდება მათი მწარმოებლებისთვის ტარიფების სუბსიდირება. იქნება ეს ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, საკონდიტრო და ა.შ. მათ შორის, მეფრინველეობის ფერმები და კვერცხიც. შესაბამისად, ეს ზეწოლა იქნება შერბილებული, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სუბსიდირება ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. მაგრამ 2022 წლიდან იქნება უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკა ამას შედარებით იოლად გადაიტანს,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები