“ზოგიერთ ოპოზიციონერს გირაოს გადახდას ციხეში წასვლა ურჩევნია, ნაცვლად იმისა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოვიდნენ და კითხვებს პასუხები გასცენ” – ბოჟაძე
“სამწუხაროდ, ზოგიერთ ოპოზიციონერს გირაოს გადახდას ციხეში წასვლა ურჩევნია, ნაცვლად იმისა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოვიდნენ და კითხვებს პასუხები გასცენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„სამწუხაროა ჯაფარიძე-ხაზარაძის შემთხვევა. მათ მიმართ კითხვები იმ პერიოდს ეხება, როცა ბიზნესში იყვნენ და „თიბისი ბანკი“ ბიზნესგარიგებებთან იყო დაკავშირებული, რომელიც კონკრეტულ ბიზნესმენებს სესხს აძლევდა, რასაც შემდეგ ადეიშვილის პროკურატურა სთხოვდა.
რაც შეეხება გირაოს, მაგალითი არსებობს, ვინც გირაო არ გადაიხადა და პასუხისგებაში მიეცა. ნიკა მელიას ბაქიბუქი გვახსოვს, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, მაგრამ გადაიხადა და პარლამენტშიც შემოვიდა. სჯობს, კანონმდებლობას დაემორჩილონ. როცა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსი გერქვას და ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, კანონმდებლობას უნდა სცე პატივი. დარწმუნებული ვარ, ამ გირაოსაც გადაიხდიან“,- განაცხადა ბოჟაძემ.