ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში, დღესასწაულების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში, დღესასწაულების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, ისევე, როგორც ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია მადლიერების დღესასწაულზე გაზრდილმა მობილობამ და კოვიდ რეგულაციების უგულებელყოფამ.
მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მოსახლეობას თავი შეეკავებინა მოგზაურობისგან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი აღირიცხა აშშ-ის აეროპორტებში. CDC გასცემს რეკომენდაციებს, როგორ უნდა აღინიშნოს ახალი წელი – ყველაზე უსაფრთხო გზა არის, რომ ადამიანები დარჩნენ სახლებში და ვირტუალურად აღნიშნონ დღესასწაულები. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ შეკრებას, პირბადის ტარება აუცილებელია და ადამიანები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას, რადგან შესაძლოა ეს ნეგატიურად აისახოს წესებისა და რეგულაციების დაცვაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ადამიანებმა თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ხელები ხშირად დაიმუშაონ სადეზინფექციო სითხით და გაანიავონ დახურული სივრცეები. CDC მოუწოდებდა მოსახლეობას თავი შეეკავებინათ სიმღერისგან, რათა არ შეექმნათ ვირუსის გავრცელების დამატებითი წინაპირობები. აშშ-ში, პანდემიის მეორე ტალღის დროს განსაზღვრული ფინანსური დახმარების პაკეტის მიღების ვადა ამოიწურა და შესაძლოა მილიონობით მოქალაქე აღმოჩნდეს პირისპირ პანდემიის მძიმე შედეგებთან. ახალ პროექტს ხელი ისევ არ მოეწერა, შეუთანხმებლობის გამო შესაძლოა 14 მილიონმა ადამიანმა დაკარგოს ფინანსური შეღავათები უმუშევრებისთვის, რაც მილიონობით ადამიანისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.