ჰანს კლუგე: მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად
2020 წლის 21 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ გულთბილი მისალმებისა შემდეგ სტუმართან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს. შესაბამისად, შესაძლებელია ამ ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებითაც რეგიონული ცენტრის, წამყვანი ქვეყნის როლი შეასრულოს“.
თავის მხრივ, ბატონმა კლუგემ მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნა პატრიარქის როლი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიულ რეალობაში.
„ჩემი აქ ყოფნა აღიარებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება ბრძანდებით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის… ვფიქრობ, რომ თქვენი უწმინდესობის ხმა ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოახლოებული დღესასწაულების დროს თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება“, – დასძინა სტუმარმა.
მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ჰანს კლუგემ საგანგებო მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაზაფხულზე, ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, ვირუსთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისათვის:
„საქართველო ძალიან წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში გაზაფხულზე, ფაქტობრივად, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა.
მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ“, – აღნიშნა მან.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონული ოფისის საქმიანობას. აღნიშნული ორგანიზაცია რეგიონში 10 ქვეყანას ფარავს. თავდაპირველად ამ ცენტრების მთავარი ოფისის ევროპიდან აფრიკაში გადატანა იგეგმებოდა, მაგრამ პირადად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით ის საქართველოში გაიხსნა.
აქვე ითქვა, რომ კარგი იქნება, ეს ორგანიზაცია იქცეს ბაზად, სადაც მაქსიმალურად მოხდება ყველანაირი ძალისხმევის კონცენტრაცია ვირუსთან საბრძოლველად.
„ჩემი ჩამოსვლის მიზანია, ვიმუშაო ქართველ სპეციალისტებთან ვირუსთან ბრძოლის უკეთ წარსამართავად. შევხვდი ჯანდაცვის მუშაკებს. აღსანიშნავია მათი გმირობა და პროფესიონალიზმი.
ჩვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ დაიცვან ის პირობები, რომლებიც აუცილებელია საყოველთაო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ავადობა მცირდება და ეს ყველაფერი არის მკაცრი ზომების შედეგი. რა თქმა უნდა, ხალხისთვის ეს ძალიან რთულია. სწორედ დღეს ვესაუბრე თქვენს პრემიერ-მინისტრს, რომ თუ გადაწყდება „ქვეყნის გახსნა“, ეს უნდა მოხდეს ძალიან ნელა და ეტაპობრივად, რადგან ვიცით, რომ ვირუსს ძალიან მოსწონს თავყრილობები“, – დასძინა სტუმარმა.
შეხვედრაზე დაისვა კითხვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებაც.
როგორც ბატონმა კლუგემ განმარტა, „ასეთი პანდემიები, საერთოდ, ორწლიანია. ნახევარი გზა გავლილი გვაქვს. თუმცა უკვე გვაქვს ვაქცინა და მისი გამოყენება ყველას შეუძლია. რაც შეეხება რეკომენდაციას, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობით.
ჩვენ ვხედავთ და ძალიან გვახარებს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, მაგრამ სანამ სიტუაცია შეიცვლება, არსებობს არაძვირადღირებული ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება პანდემიის შეკავებაში, ეს არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება და ა.შ. ჩემი პრინციპი ასეთია: ის ადამიანები, რომლებიც არ იცავენ პრევენციის რეკომენდაციებს, არ უნდა გავკიცხოთ, პირიქით, უნდა შევეცადოთ, ვესაუბროთ, მივაღწიოთ მათ ჩართულობას და დავარწმუნოთ, რომ მათი როლი ამ ვირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია“.
შეხვედრის მიწურულს უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმარს დაუსვა კითხვა, რამდენად შესაძლებელია ვირუსის შედეგად საზოგადოებაში განვითარებული მძიმე ფსიქო-ფიზიკური ფონის განსამუხტავად და პაციენტების განსაკურნებლად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადებითი წვლილის შესატანად მუსიკალური თერაპიის გამოყენება.
საინტერესო იყო ბატონი კლუგეს პასუხი, რომელმაც ბრძანა, რომ „ეს, მართლაც, ზუსტი და შესანიშნავი კითხვაა, რადგან ჩვენ ზოგადად ვიკვლევთ ამ საკითხს. უშუალოდ ამ ვირუსთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს წინადადებას და ვცდით“.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბატონ კლუგეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა.