“ეკონომიკური ზრდის შენელებას არ ველოდები, მეორე კვარტალშიც ძალიან მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ, ალბათ, ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს იქნება”- გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შენელება მოსალოდნელი არაა. როგორც ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას”  პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მეორე კვარტალშიც მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით,  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოლოდინი პოზიტიურია.

“ეკონომისტთა ნაწილში  გარკვეული მოსაზრებაა, რომ ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა,  შენელდეს. ძირითადი აქცენტი საბიუჯეტო შემოსავლებზე კეთდება. აქ საუბარია ცალკეული პარამეტრების საპროგნოზოსთან შედარებით უფრო ნაკლებ მაჩვენებელზე. თუმცა, ჯამური საგადასახადო შემოსავლები მთლიანობაში, რომ ავიღოთ, შემცირებული არაა, პირიქით 102 %-ით გაზრდილია. ზოგადად, ზრდის მხოლოდ ამ პარამეტრებით შეფასება, არ მგონია, მართებული იყოს, რადგანაც ეკონომიკურ ზრდას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები და პარამეტრები განსაზღვრავს. მაგალითად, ეკონომიკური აქტივობის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. თუ საგარეო ვაჭრობა  იზრდება, ეს ეკონომიკის აქტივობის ზრდას აჩვენებს. აქ საუბარია იმპორტზეც და ექსპორტზეც. მაგალითად, თუ იმპორტი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მოხმარება იზრდება, ანუ, ბიზნესი ფართოვდება, უფრო მეტი ნედლეული სჭირდება. თუ მოქალაქეები უფრო მეტს მოიხმარენ, ეს ნიშნავს, რომ მათი შემოსავლები გაზრდილია. როცა იმპორტი მცირდება,  ეს შეიძლება,  ეკონომიკური ზრდის შენელების ნიშანი იყოს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, პირიქით, პირველ კვარტალშიც, პირველ 4 თვეშიც და აპრილშიც საგარეო სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი. მოგეხსენებათ, პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდაც ძალიან მაღალია, დაახლოებით 9,4 %-ია. როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორია აპრილი (ის შეიძლებოდა, გარკვეული წყალგამყოფი ყოფილიყო, ანუ აჩვენებს, პირველი კვარტალის შემდეგ რა ხდება), აქ  ექსპორტი სარეკორდოდ, 41%-ითაა გაზრდილი. როცა ასეთი აქტივობაა, ნიშნავს რომ ბიზნესის გამოშვება, ქართული პროდუქციის რეალიზაცია გაზრდილია. უნდა ველოდოთ, თუ არა ეკონომიკური ზრდის შენელებას? ჯერჯერობით ამის პარამეტრებს ვერ ვხედავთ,  მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში, ვგულისხმობ მარტის მაჩვენებლებს, ბიუჯეტის შესრულების ცალკეული მუხლები, შეიძლება საპროგნოზოს  აცდენილი იყოს. არც ესაა პრობლემა,  ეს კომპლექსურად უნდა შევაფასოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდიკატორი ზუსტად საგარეო ვაჭრობაა. თუ აპრილში კიდევ უფრო გააქტიურებულია საგარეო ვაჭრობა, ვიდრე პირველ კვარტალში, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის შენელებაზე ლაპარაკი არცაა, პირიქით, მეორე კვარტალშიც ძალიან მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ, ალბათ ორნიშნასთან ახლოს იქნება. ეს აპრილმაც აჩვენა. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე კვარტალი ეკონომიკაში უფრო აქტიური პერიოდია,  ვიდრე პირველი, რადგან პირველ კვარტალს მაინც იანვრის ეფექტი თან გასდევს. ანუ, ახალი წლის შემდგომი თავისებური ინერციის ფაქტორი. ასე, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებას არ ველოდები, პირიქით, იგივე სავალუტო ფონდმა, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებმა საქართველოსთვის ზრდის პროგნოზი კი არ შეამცირეს, არამედ გაზარდეს, 6%-მდეა გაზრდილი. ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობამაც გაზარდა. ანუ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოლოდინი პოზიტიურია, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გამოწვევები ისევ სახეზეა. ვხედავთ, რა ხდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, გაურკვეველია, ომი დამთავრდება, თუ არა. თუმცა, აჟიოტაჟი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე ტრამპის გამოცხადებულ ტარიფებთან იყო დაკავშირებული, მაინც ლოგიკურ ფინალამდე მიდის. კი, ჩინეთს 200%-ზე მეტი დაუწესა, მაგრამ საბოლოოდ ხომ 200% არ არის. ბოლო მოლაპარაკებით, 90 -დღიანი პერიოდია, ჩინეთისთვის დაახლოებით 30%-მდეა შემცირებული. მაგალითად, ბრიტანეთთან საერთოდ,  თავისუფალ სავაჭრო სივრცეზეა ლაპარაკი. ანუ, გლობალურად საფინანსო ბაზრების რყევა ამ წუთში აღარ ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გლობალურად საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა, შენელებულია. ამიტომაა ეს პროგნოზები პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური”- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის  საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტით განისაზღვრა.

მათივე ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის

შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ

დოლარი იყო (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა

15.7 პროცენტით).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები