არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ
“ხატია დეკანოიძის მოსმენით ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი ამომრჩეველია დაინტერესებული, სხვას მის მოსასმენად არ სცალია”, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ბრალდებებს.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მოსმენა სწორედ მისი პარტიის ხელწერაა და ეს განცხადება დეკანოიძის მხრიდან არის იაფფასიანი მანევრი ყურადღების მისაპყრობად.
„რამდენადაც ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით, მისი მოსმენით, მისი დაპირებების მოსმენით და საჯარო კომუნიკაციით დაინტერესებული არიან ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას დღეს მის მოსასმენად არ სცალია, ყველას აქვს თავის საქმე, ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს საზოგადოებას.
მე მესმის რომ მას თავისი თავის აქტუალიზაციისათვის და ყურადღების მისაპყრობად სჭირდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, რომ თითქოს მას უსმენენ და დევნიან, ამ დროს დევნა და მოსმენა არის ზუსტად მისი პოლიტიკური პარტიის „ნოუჰაუ“, ხელწერა და როგორც შეიძლება მან ეს სხვას დააბრალოს, როცა მისი პოლიტიკური პარტია წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაზე, საზოგადოების ტერორზე, უკანონო მოსმენებზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე იდგა. ეს მისი მხრიდან არის ერთადერთი იაფფასიანი მანევრი, რომ მიიპყროს ყურადღება. ერთი რჩევა მინდა მივცე, თუ მას აქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.