ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა სოლომონ მანაშვილი (125 კგ) – მან ფინალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან დათმო. ქართველი სპორტსმენისთვის ეს სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი, ნახევარფინალში კი პოლონელი კამილ კოშციოლეკი დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა: ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ტურნირზე ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.