მამუკა მდინარაძე: კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და დავიცვათ რეგულაციები
მართალია, კანონით კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ,,ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათი მხრიდან რეგულაციების დაცვა პასიხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან. ვფიქრობ, რომ მოწოდება იყო ძალიან დროული, ჩვენი რეაქციაც ამიტომ არის დღეს ჩემი ბრიფინგი.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდაუნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.
ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და ხელს უწყობს პრაქტიკულად ვირუსის გავრცელებას.
მართალია, კანონით კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიან წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობის და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები.
გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, რომ როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და რეაქცია ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით , ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ზოგადად საზოგადოებას მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და მოწოდება იყოს საერთო, რომ ამით გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებას,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.