თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი თანამშრომელი თინა ხიდაშელს, გიგი კალანდაძესა და ნოდარ მელაძეს “ცილისწამებისთვის” სასამართლოში უჩივის

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, გოდერძი ორმოცაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესა და გენერალ გიგი კალანდაძეს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. ამის შესახებ ორმოცაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ორმოცაძის თქმით, ის სამშობლოს ღალატში აღნიშნულმა პირებმა დაადანაშაულეს. საქმე ეხება საიდუმლო ბაზებზე შესვლის შესახებ 2016 წელს კალანდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და „რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც კალანდაძე ამტკიცებდა, რომ გოდერძი ორმოცაძემ ყოფილი სამხედრო, ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ბაზაზე შეიყვანა.

როგორც ორმოცაძე აცხადებს, ამის შემდეგ მაშინდელმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. ორმოცაძე ამბობს, რომ მას ცილი დასწამეს და ამის გამო სასამართლოს მიმართავს.

დღევანდელ პრესკონფერენციას წითელაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ გიგი კალანდაძეს მან უკვე მოუგო საქმე სასამართლოში.

„2016 წელს „რუსთავი 2-მა“ მოამზადა ჩვენ წინააღმდეგ სიუჟეტი. კალანდაძემ ბრალი დაგვდო საიდუმლო ბაზებზე შესვლასა და სამშობლოს ღალატში. მე დავიწყე სამართლებრივი დავა კალანდაძესთან, მელაძესა და „რუსთავი 2-თან“. მე მოვუგე სასამართლო პროცესი კალანდაძეს. მას სასამართლომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო დააკისრა ჩემთვის 20 000 ლარის გადახდა და ბოდიშის მოხდა. მეორეც – „ რუსთავი 2 -საც“ მოვუგე პროცესი. მათ დაეკისრათ ცრუ განაცხადებების უარყოფა და ჩემთვის 10 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა. მე მივმართე სააღსრულებლოს. მათ კალანდაძეს თბილისში ქონება დაუყადაღეს. დღეს მისი ქონება აუქციონზეა გატანილი.

მე სამხედრო ექსპერტი ვარ. ჩვენ, სამხედრო ექსპერტები ვმუშაობდით სააკაშვილისა და მისი მინისტრების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით. ერთერთი საქმე იყო 300 -მილიონიანი პროექტი საცეცხლე წერტილების აშენების შესახებ. მქონდა ინფორმაცია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მე დავიწყე მოკვლევა. ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან იყო გადარიცხული, ჯიბეში ჩაიდეს, კომპანიებმა იყიდეს შესაბამისი ტექნიკები იმისთვის, რომ სამუშაოებზე გამოეყენებინათ. ეს ტექნიკა გადამალეს თელეთის მთაზე, სადაც კომუნისტების დროს იყო სოფლის მეურნეობის რაღაც საწყობები. მე ვნახე ეს ყველაფერი: უამრავი ტექნიკა, საშენი მასალები, რომელიც გადამალული იყო და ეტაპობრივად იყიდებოდა. ეს არანაირი საიდუმლო ბაზა არ არის, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეც არაა. მიტოვებულია. მე ამის საფუძველზე დავწერე განცხადება და მივმართე თავდაცვის სამინისტროს. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, სადაც იყო ორმოცაძეც. მე არაერთხელ ვიყავი სამინისტროში გამოძახებული, დამკითხეს. მინდია ჯანელიძის დროს მართლაც წავიდა ამაზე მუშაობა. როცა ხიდაშელი მოვიდა, მან ეს საქმეები ნელ-ნელა შეაჩერა. ის უკრაინაში შეხვდა სააკაშვილს. ამ დროს საგარეჯოში არჩევნები ტარდებოდა, ხიდაშელს თავისი კანდიდატი ჰყავდა. სააკაშვილსა და ხიდაშელს შორის გარიგება მოხდა. სააკაშვილმა უთხრა, მხარს დაგიჭერ და შენი კანდიდატის გაყვანაში დაგეხმარები, ოღონდ ეს საქმეები გვერდზე გასწიეო. ხიდაშელმა ეს საქმეეები თაროზე შემოდო“, – განაცხადა წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები