„ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უკვე გვესმის, რომ რურუას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ აქციებს, ისინი პოლიტიკური ტემპერატურის აწევას აპირებენ“

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შესახებ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ისეთ ახალ რეალობას, რომლის პირობებშიც, მცირე პოლიტიკურ პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში.

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არ მიიღეს მონაწილეობა იმ ცვლილებების დამტკიცებაში, რასაც თავადვე ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ შემდგომ, ეს ჩვენი ბრძოლის შედეგიაო. თუ ამას ითხოვდნენ, რატომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა? უკვე გვესმის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი მიმართავენ აქციებს რურუას გათავისუფლების მოთხოვნით, ეს უკვე არის იმის ინდიკატორი, რომ ისინი აპირებენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას.

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებულია. ამით ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. მართლია, ეს ერთჯერადი აქტია, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ თავისი მნიშვნელობით, ვფიქრობ, საკმაოდ მრავლისმომცველია, ქმნის ისეთ ახალ რეალობას, რომლის პირობებში, მცირე პოლიტიკურ პარტიებს ეხსნებათ შესაძლებლობის ფანჯარა, მოხვდნენ პარლამენტში. ის შესაძლებლობას აძლევს ახლადშექმნილ პოლიტიკურ ძალებს, თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან, ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ნელ-ნელა შეცვალონ ის, გვერდზე ჩააჩოჩონ ძველი მეინსტრიმული პოლიტიკური ძალები, ახალი სისხლი და ხედვა შემოიტანონ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ცვლილებები ასევე ქმნის ახალ რეალობას იმ კუთხით, რომ თუ ვერცერთმა პოლტიკურმა პარტიამ ვერ მოაგროვა 40 %-ზე მეტი, ჩნდება შანსი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისა. აქვე ჩნდება რისკი იმისა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება, ვერ შეიქმნას , თუ ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, ვერ შეძლეს მოლაპარაკება. ამ რისკამ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური კრიზისი მოიტანოს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები