დაიბადა სოხუმში, ხელოვანების და ექიმების ოჯახში… თუმცა მხოლოდ ერთი თვე დაყო იქ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს, ბაბუა ალექსანდრე კვიტატიანი სოხუმის მთავარი არქიტექტორი იყო.
თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი თეატრის მხატვრობის განხრით დაამთავრა.
„მხატვრობისკენ მისწრაფება ბაბუაჩემის გავლენაა. დიდებული ხელოვანი იყო. ყოველთვის მინდოდა სულ ცოტათი მაინც დავმსგავსებოდი მას… თუმცა საკუთარი თავის პრეზენტაციის მოყვარული დიდად არ ვარ“.
ამჟამად ხატვის პედაგოგის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. ამბობს, რომ ხელოვნება მისი სულის ნაწილია. – სალომე გამყრელიძის პერსონა.
– სოხუმში დაიბადეთ. ბაბუა სოხუმის მთავარი არქიტექტორი იყო… ოჯახიდან შეგიყვარდათ ხელოვნება…
– დავიბადე სოხუმში, ბაბუა სულ რაღაც 2 წლის წინ გარდამეცვალა და ამიტომ ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფას მოგონებაში ავტომატურად პირველი ის ამოტივტივდება, როცა ადამიანს კარგავ, უფრო ცალსახა ხდება თითო წამის სიძვირფასე, რაც მანამდე შენთვის ცხოვრების ჩვეულებრიობა იყო, შემეძლო საათობით მეყურებინა სახელოსნოში მისი ხაზვის პროცესს, ის ზებუნებრივი შესაძლებლობების კაცი იყო, სულ მცირედით მაინც თუ გამომყვა მისი გენი, ამაყი ვარ….
ბავშვობიდან ძალიან ლამაზად მახსენდება უკუნით უშუქობაში, შეშის ქურასთან როგორ ვიკრიბებოდით ოჯახი და ვთამაშობდით ქალაქობანას, ვიცინოდით, ვუკრავდით გიტარაზე…. მიუხედავად იმ პერიოდის სიბნელისა, მაინც ახდენს ჩემი ცნობიერება ამ ნოსტალგიის რომანტიზებას, დღეს, გაჯეტების ეპოქაში, თითქოს ცოტა მეტად დეფიციტურია მსგავსი ოჯახური სიუჟეტები და ემოციები..
– თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი თეატრის მხატვრობის განხრით დაამთავრეთ. სტუდენტობიდან რას გაიხსენებთ?
– სტუდენტობა ჩემთვის საუკეთესო პერიოდი იყო, ფრთების გაშლის თვალსაზრისით, სკოლაში მორცხვი, ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, რადგან ჩემი ჭკუის ადამიანს ვერ ვპოულობდი თანატოლებში, თავი ცოტა უცნაურად მიმაჩნდა, უნივერსიტეტში კი ბევრი ჩემიანი დამხვდა, ისინი მხედავდნენ მე და მე შემეძლო ვყოფილიყავი საკუთარი თავი, გავხსნილიყავი და ეს იყო ჩემთვის საოცარი ბედნიერება…
ვიყავი ცნობილი მხატვრის – ნოდარ თოფურიას მოსწავლე, მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს თვითშეფასების ჩამოყალიბებასა და შემოქმედებით სითამამეში…. ასევე ვიყავი ცნობილი თეატრის მხატვრის – ალექსანდრე სლოვინსკის მოსწავლე, მანაც ბევრი მასწავლა და ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო….
– „მე ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ… ჩემი შინაგანი ემოციების გადმოსატანად“, – თქვენი სიტყვებია. ფერით გვესაუბრებით…
– საყვარელი ფერი ლურჯი და იისფერია… ხშირად ამბობენ ამ ფერთა მელანქოლიურობაზე, თუმცა ჩემთვის ის მშვიდია, ღამის ფერია… დღის გარდამავალ მონაკვეთში, როცა ცა ლურჯდება, ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს და მიყვარს ფიქრი…. ღამე ჩემში სიღრმეებს აღვიძებს. ხატვაც ღამე მიყვარს, სიმშვიდეში, როცა არაფერი ხმაურობს მუსიკის გარდა….
– და მაინც, რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებდით თავს?
– ჩემი მხატვრობის დანიშნულება ალბათ არის ის, რომ ვაჩვენო ლამაზი, სასიამოვნო, პარალელური ზღაპრული სამყარო….. რომელიც სასიამოვნო ემოციას გამოიწვევს…. დააფიქრებს ადამიანებს და იკითხავენ – რას გრძნობდა და სად იყო ნეტა გონებით მხატვარი ამის დახატვისას? სტილისტიკურად ალბათ მაინც ჩემებური ვარ… თუმცა რაღაც-რაღაცით ბევრი მიმართულების ნაზავია – რეალიზმი, ექსპრესიონიზმი,ფანტასტიკურ-სიმბოლისტური არტი, ფოვიზმი, არტ ნუვო, სიურელიზმის ცოტა-ცოტა ელემენტები…
– შთაგონება?
– ძირითადად მძაფრი ემოციის დასაბალანსებლად ვხატავ. არ მიყვარს იმის ხატვა, რა განცდაც მაქვს… იმის ხატვა მიყვარს, სადაც მინდა, რომ ვიყო. ჩემთვის ხელოვნება რეალობიდან ზღაპარში გასასვლელი ერთგვარი პორტალია…. ეს ძალიან მუშაობს როგორც თვითრეაბილიტაცია. შთაგონებას მუსიკით ვიღებ, ათასობით სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების სია მაქვს და თითქოს ყველა ნახატს თავისი მუსიკა აქვს…. დღეს თუ ჯაზზე ვხატავ, ხვალ შეიძლება ჯაზი აღარ მოუხდეს და დავხატო ოპერაზე, როკზე… წინასწარ არასდროს ვიცი, რა შეიძლება დავხატო, უბრალოდ ვრთავ მუსიკას და ვიწყებ…
– ერთი ნამუშევრის შექმნის ისტორია…
– რახან ვახსენე ემოციური ბალანსი, გამოვარჩევ ერთ-ერთ ბოლო ნახატს – „კუს ნაბიჯებით… მშვიდად“… მისი ისტორია ეფუძნება ემოციური კრიზისის პერიოდს, როცა თავს შემოქმედებითად შეჩერებულად ვგრძნობდი, როდესაც მივედი იმ კონდიციამდე, რომ ეს მოცემულობა მშვიდად მივიღე და იმედიანად ვადაპტირდი, დავხატე იგი.
– ნიუტონის თავისუფალ სკოლის ხატვის პედაგოგი რას გაიხსენებთ?
– პედაგოგობა არასდროს ყოფილა ჩემი მიდრეკილება, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ზედმეტი ჩარჩოებია, ვფიქრობდი, მანდ ვერასდროს ვიპოვიდი ჩემს თავს, მაგრამ გრაფიკის კომფორტის გამო მომიწია ამ პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება, პრაქტიკაში კი საოცარი შეგრძნებები გამოიწვია. დიდი სიხარულია, როდესაც გამორბიან ბავშვები, გეხუტებიან, თვალები უბრწყინავთ შენს დანახვაზე და ნამდვილ, გულწრფელ ემოციას გამოხატავენ. ისინი არასდროს აკეთებენ ამას ხელოვნურად, მხოლოდ მაშინ გამოხატავენ, როცა მართლა გრძნობენ, სწორედ ამით „იწამლები“ და შემდეგ ვეღარ წყდები….
– გრაფიკულ დიზაინშიც აპირებთ მუშაობას. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს, ხატვას, ოჯახის საქმეებს?
– გრაფიკული დიზაინი ერთი წელია, რაც დავიწყე, როცა ბავშვების გამო სრულ განაკვეთზე მუშაობას ვერ ვახერხებდი, სახლიდან სამუშაოს ალტერნატივებიდან ყველაზე მეტად საინტერესო ეს აღმოჩნდა… ყველაფერი მოხერხებადია ალბათ, მთავარია გაჩერებულ მდგომარეობას დიდხანს არ შეაქმნევინო დისკომფორტი…
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც უმეტესად არტ-ით არის მოცული, ვწერ ლექსებს, ვარ მელომანი, ვმღერი, მიყვარს კითხვა, რაც შეეხება სხვა მიმართულებას, მაინტერესებს ფსიქოლოგიაც.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ახალ ნამუშევრებზე, მინდა თემატური რკალის დასრულება, რასაც შემდგომ პერსონალურ გამოფენაზე გამოვიტან….
– სოხუმი თუ დაგიხატავთ? წლების გადასახედიდან ალბათ ტკივილიც იზრდება…
– სოხუმი არ მახსოვს, 1 თვის ვიყავი როცა წამომიყვანეს, თუმცა ჩემი ოჯახის მონათხრობიდან ბევრი ვიცი… დასახატავად ვერასდროს ავკინძე…როცა რაღაცა შენია და გართმევენ, როცა 0-დან გიწევს ყველაფრის კეთება, რაც მანამდე შენი შრომით ააღორძინე, როცა ისმენ, თუ რაოდენ ემოციურ და მძიმე სიუჟეტებთან მოუწიათ შეჯახება შენს საყვარელ ადამიანებს, როცა ისინი ამას გიზიარებენ, არაა საჭირო ამის ადგილზე გამოცდა, იმისათვის, რომ შენში ემპათია და ემოცია გააღვიძოს და ეს ემოცია თითქოს სენსიტიურად ხელშეუხებელია…
– გამოფენები, ჯილდოები…
– გამოფენები და ჯილდოები მაქვს, მაგრამ ძირითადად ბავშვობაში აღებული, ჯგუფურ გამოფენებში სულ ვმონაწილეობდი, თუმცა მერე რაღაც პერიოდი შემოქმედებითი ჩავარდნა მქონდა, ახლა ისევ დავიწყე. დიდად არ გამომდის საჯარო თვითპრეზენტაცია და პოპულარობა, ეს ჩემი სუსტი მხარეა.
– ოჯახი…
– დედა – თეა კვიტატიანი პროფესიით იმუნოლოგია, ამჟამად პედაგოგი, მასწავლებლების ტრენერი და დირექტორის მოადგილე 122-ე საჯარო სკოლაში. დედაჩემის მამა – ალექსანდრე კვიტატიანი, როგორც ვახსენე, სოხუმის მთავარი არქიტექტორი გახლდათ, არქიტექტორთა კავშირის წევრი და შესული საქართველოს ენციკლოპედიაში როგორც დიდი ღვაწლის მქონე საქართველოს არქიტექტურულ კულტურაში.
ბებია – დედის დედა ნაილი კერესელიძე, მეან-გინეკოლოგი, ხელოვნებით შეპყრობილი ქალი, რომელიც წერს ასევე ძალიან ლამაზ ლექსებს…. მამა – ბესარიონ გამყრელიძე, ინჟინერი – ამჟამად დაუფლებულია სხვადასხვა ხელობას, ბევრი მიმართულებით, ისიც წერს… ბებია და ბაბუა მამის მხრიდან ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ ღრმა ბავშვობის პერიოდიდან, რაჭაში სოფლის არდადეგების ნოსტალგია შემომრჩა მათზე… მყავს 2 შვილი – 10 და 7 წლის სანდრო და დაჩი, რადიკალურად განსხვავებული ძმები. მინდა იყვნენ კარგი ადამიანები და უყვარდეთ ხელოვნება…
– სამომავლო გეგმები.
– სამომავლოდ პირველ რიგში პერსონალური გამოფენის გაკეთება მინდა, უბრალოდ დროის ამბავია, რამდენად მალე მოვახერხებ ამ ყველაფრის სრულყოფილად ორგანიზებას, ყოფითი ვალდებულებებისა და გრაფიკის გამო ეს პროცესი ცოტა მეწელება, თუმცა წინ მივიწევ. ასევე ვაპირებ არტ თერაპიის სრულფასოვნად დაუფლებასაც, ვფიქრობ, ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის ეს ორი სინთეზი საუკეთესო ასპარეზი იქნება ჩემი უნარების გამოსავლენად….
თამარ შაიშმელაშვილი