ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, ვისაც ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ასევე, რესპირაციული სიმპტომები

“ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით – ამ შემსუბუქების პერიოდში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება სწრაფად მოხდეს.

„ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს, არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით – ამ შემსუბუქების ფონზე. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ შესაძლებელია, რომ გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ, ნუ შევქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. პანდემია გრძელდება.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ ყველა მყოფი ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანების ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით. თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ – გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები