გიორგი გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განახორციელა.
პრემიერის თქმითვე, კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე 4 ძირითადი მიმართულება გამოიყო.
„ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება, გამოიყოს. ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც 28 იანვრიდან იწყება და 29 თებერვლამდე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც მსოფლიოში პირველად ჩინეთში გაჩნდა ვირუსზე ინფორმაცია. ეს იყო საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე. ამ ეტაპზე მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. პირველ ყოვლისა, ეს იყო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი და შემდგომ – საკარანტინე ზონებში მათი გადაყვანა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა: ერთი მხრივ, მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და, მეორე მხრივ, ეკონომიკა. 28 იანვარს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში, შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა ვირუსის გავრცელების შეჩერების ნაწილში. ამ საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. სწორედ ამიტომ, ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო საზღვრებზე. სხვათა შორის, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა. კოვიდ19-თან ბრძოლის პირველივე ეტაპზე გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და მათზე პასუხისმგებელი პირები.
ეს გახლავთ: ჯანდაცვა – რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკატერინე ტიკარაძე; ეკონომიკა – მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მაია ცქიტიშვილი; უსაფრთხოება – თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური; მარაგები და ლოგისტიკა – პირველივე დღეებიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას და ბაზრები იკეტებოდა. ამ მიმართულებას ხელმძღვანლობდა ლევან დავითაშვილი”, – განაცხადა პრემიერმა.