გიორგი გახარია: ხვალ ახალ მსოფლიოში კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს, ევროპის 49 ქვეყანას შორის, 100 სულ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

პრემიერის თქმითვე, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებს.

„შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად, რიცხვებზე რომ ვილაპარაკოთ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და გარდაცვლილთა რაოდენობა არის, სამწუხაროდ, 347 ათასი ადამიანი. დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა არის 735, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა – 557, სამწუხაროდ, გარდაცვლილი გვყავს 12 ჩვენი მოქალაქე. დღეს საქართველო 100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით, არის ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით 123-ე ადგილს იკავებს.

ეს არ არის საამაყო რიცხვები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც შეგვეძლო, გადაგვედგა. აქ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, იმას, თუ რამდენად ზუსტად და ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები. ეს გვაძლევს მეტ საშუალებას, ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და, საბოლოოდ, ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გლობალური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები