პაატა იმნაძე: აკრძალვების შერბილებისას შეიძლება, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული
“ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ყველაფერი კი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა – ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები – 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.
ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები – ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?
ისევ და ისევ მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო. ეს ის სოფელია, სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია… სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია.
ამ სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.
ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს. ბოლნისში შემთხვევათა მატებას ველოდებით”,- განმარტა “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.
კითხვაზე – “დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს ინფიცირებული”?, -იმნაძე პასუხობს – “ასეულობით – არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და ეს კარგია, რადგან ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება”.
პაატა იმნაძის თქმითვე, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
“აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც… შემოდგომის ბოლოდან ძლიერ მეორე ტალღას ველით – ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი – აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება. ზამთარში სხვა ვირუსების გააქტიურება რა თქმა უნდა, უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს. რაც შეეხება აცრებს, სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება. გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა – ამას ჰქვია ჰიბრიდული პოლიტიკა, ანუ ერთი ხელით ვირუსს ებრძვი, მეორე ხელით კი შეზღუდვებს ამსუბუქებ. ამ ფონზე შეიძლება შემთხვევებმა იმატოს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მატება, რომლის მართვაც შეუძლებელია. სექტემბრის ბოლოს არაფერი იქნება. პრობლემა გაჩნდება ნოემბრის ბოლოს. ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო. ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა – ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”,- განაცხადა იმნაძემ.
კითხვაზე – “ზაფხული ახლოვდება და ხალხი დასასვენებლად წასვლაზე ფიქრობს. ითქვა, რომ ზღვა საშიში არ არის, მთავარია, სანაპიროზე როგორ მოიქცევიან დამსვენებლები”,- პაატა იმნაძე პასუხობს – “დიახ, ეს მნიშვნელოვანია. ოჯახები კი იქნებიან ერთად, მაგრამ სანაპიროზე ერთი ოჯახი მეორისგან ორი მეტრით უნდა იყოს დაშორებული. სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, ან ღია სივრცეში პირბადე გვეკეთოს”.
მისივე თქმით, ვირუსის არა მარტო მესამე, შესაძლოა მეოთხე ტალღაც იყოს მოსალოდნელი.
“არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან – ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი. გვეშინოდა პირველი ტალღის, რომ როგორმე დაგვეცვა ადამიანების სიცოცხლე და დავლოდებოდით მსოფლიო გამოცდილებას. ჩვენ მოვიგეთ დაახლოებით ერთი თვე, დაველოდეთ მსოფლიოს გამოცდილებას და ვისწავლეთ სიტუაციის მართვა – მოვამზადეთ ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფების მისაღებად; ტესტებით დაწყებული, პირადი დაცვის საშუალებებით დამთავრებული, ყველაფერი ვიშოვეთ; შევაჩერეთ ავადობის კატასტროფული მატება; ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების წარმოებაც კი დაიწყო; შემოვიდა ვალიდური ტესტები… ეს ყველაფერი კი შევძელით დროული აკრძალვებით. თითქმის არც ერთი შეცდომა არ დაგვიშვია და შედეგიც აშკარაა, თუმცა, იყო მძიმე პროგნოზი, მაგალითად, ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ქართულმა საერთაშორისო ფონდმა (“კურაციომ“) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმად 1500-დან 1700-მდე ადამიანი უნდა გარდაცვლილიყო. ჩვენ განვიხილავდით ქვეყანაში ინფექციის განვითარების სამ მოდელს. მოქალაქეების ფსიქიკა დავზოგეთ, ამიტომ არ გამოვაცხადეთ, თორემ ჩვენც გვქონდა გათვლები და ჩვენი პროგნოზი ზემოთ მოყვანილ მაჩვენებელს ემთხვეოდა. რაც შეეხება მომავალი სეზონის პროგნოზს – არ მიყვარს წინასწარ რამის თქმა. ჩვენგან ინფორმაცია მოდის მაშინ, როცა საჭიროა. მედია ადამიანების დათრგუნვას არ უნდა ემსახურებოდეს. ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთე, ისიც – კრიტიკულ სიტუაციაში”,- განმარტა იმნაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – “და ამის გამო გაგაკრიტიკეს კიდეც – აბა, სად არის ეკლესიის კლასტერიო“, – იმნაძე პასუხობს – “იმიტომაც არ იყო! ეს იყო კრიტიკული სიტუაცია არა მარტო იმიტომ, რომ ამას შეეძლო ავადმყოფების რაოდენობის მატება გამოეწვია, არამედ იმიტომაც, რომ უპირველესად ეკლესიისთვის იქნებოდა საზიანო”.
“როცა გმირობაზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. ეს ძალიან გულწრფელი აღფრთოვანება ასევე მალე გაივლის ხოლმე – ვიღაცას აამაღლებენ და მერე უცებ დაანარცხებენ, ამიტომ არც ამაზე უნდა გქონდეს განსაკუთრებული რეაქცია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გულწრფელად გაქებენ, თუმცა გულწრფელობის გარდა იყო მეორე, აშკარად მართული ტალღაც. მეტს არაფერს ვიტყვი, გამგები გაიგებს. ჩემი საქმე არის ის, რასაც ვაკეთებ. ასე ვართ მთელი გუნდი და სხვა არაფერი გვაინტერესებს, თუმცა ერთი რამ მწყინს – ვერ გავიგე, ამ ქვეყანაში ვინ ანიჭებს ექსპერტის წოდებას. მე და ამირანს მედიაში მოგვიხსენიებენ, როგორც ჩინოვნიკებს, ჩვენ შემდეგ კი ექსპერტები ლაპარაკობენ ხოლმე… ჩემი და ამირანის მეცნიერული საქმიანობითაც რომ დაინტერესდნენ ჟურნალისტები, კარგი იქნება. გაარკვიონ, ვინ ვართ, რა გაგვიკეთებია, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, პრეზიდენტები თუ ვიცე-პრეზიდენტები ვართ… ჰოდა, მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარებენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება”,- განმარტა პაატა იმნაძემ.