“ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად, როცა შესაძლოა, ჩვენ და ჩვენს ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება”
უკვე მე-5 დღეა, რაც, პრემიერის დავალებით, რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი.
„კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიც ირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად.
ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე და შესაბამისი დასკვნები საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.
„ჰოსპიტალური სექტორი იმ პასუხისმგებლობით უნდა იყოს მზად, როცა შესაძლოა, ჩვენ და ჩვენს ახლობლებს დასჭირდეთ ნებისმიერ კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება“, – აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.