რუსეთში ექიმები საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ჩაკეტეს
რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ უფაში კუვატოვის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ ისინი კორონვირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან არიან ჩაკეტილები.
ამის შესახებ MBK-News-ი იურისტ თემურ ურაზმეტოვზე დაყრდნობით იტყობინება.
იურისტის თქმით, გასულ კვირას საავადმყოფოში მყოფ ბევრ პაციენტს ტემპერატურა აეწია და რესპირატორული გართულებები დაეწყო. მისი თქმით, ისინი COVID-19-ზე შემოწმებულები არ ყოფილან, რადგან ბაშკირეთში მხოლოდ იმ პირთა ტესტირება მიმდინარეობს, ვინც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ან სხვა ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში.
“როგორც მითხრეს, ოთხშაბათს 10 პაციენტი იყო გართულებებით, ხუთშაბათს – ოცი, პარასკევს უკვე – 40. კვირას საავადმყოფოში დეზინფიცირება ჩატარდა, ორშაბათს კი ექიმები სამსახურში გავიდნენ და ისინი ჩაკეტეს. როგორც ამბობენ, იმ ექიმებსაც გაუგზავნეს ტესტები, ვინც კვირას მუშაობდა. ჩაკეტვამდე ისინი სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ კარანტინზე იმყოფებიან და სისხლის სამართლის დევნით დაემუქრნენ. მათ არა მხოლოდ საავადმყოფოს, არამედ საკუთარი განყოფილებების დატოვების უფლება არ აქვთ”, – აღნიშნა ურაზმეტოვმა.
იურისტის თქმით, ექიმებს დამცავი საშუალებებიდან მხოლოდ სამედიცინო ნიღბები აქვთ, გარდა ამისა, ისინი არც საწოლებით და არც კვებით არიან უზრუნველყოფილი.
“ზოგიერთ განყოფილებებში ექიმები დაავადდნენ, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელმძღვანელობა მათ ადანაშაულებს ინფექციის გავრცელებაში”, – განმარტავს ურაზმეტოვი.
თავის მხრივ, საავადმყოფოს დირექციაში განაცხადეს, რომ 6 აპრილიდან საავადმყოფოში “საკარანტინო ღონისძიებები” ტარდება.