ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი მოათვსეს, რომელსაც ცხელება აღენიშნება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათი ინფრომაციით, მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრად იმყოფებოდა, 29 მარტს კი, როდესაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა, კარანტინში გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს შეყვანისას კორონავირუსის სიმპტომი – ცხელება აღენიშნებოდა. მედიკოსების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამჟამად, დამაკმაყოფილებელია.
პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევები. მისი ბიოლოგიური მასალა შემდეგი გამოკვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ცნობისთვის, ინფექციურში ცოტა ხნის წინ ანაკლიის საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი ორსული ქალიც მოათავსეს, რომელიც „კოვიდ19“-ით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდანაა. მისი ანალიზები გაგზავნილია და პასუხები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
7 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.