ნათია თურნავა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და არასასურსათო მაღაზიების დისტანციურად მუშაობის შესახებ ინფორმაცია გააცნო
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე.
შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს.
რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელებისა და საბანკო მომსახურება უნდა იყოს დახურული.
„კერძოდ, საუბარია საცალო ვაჭრობის ობიექტებში ვაჭრობის ფორმის ცვლილებაზე, რომელიც არასასურსათო მაღაზიების დისტანციურად, ონლაინრეჟიმში მუშაობას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ის ფაქტორები, რამაც გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციაა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შეხვედრის მონაწილეები გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და გვერდში უდგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ვირუსთან ბრძოლა და ვირუსის პრევენცია ჰქვია.
თავის მხრივ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გააცნეს არსებული მდგომარეობის ფონზე შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა ქმედებას ახორციელებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
„კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბიზნესსექტორს ამ რთულ პერიოდში თანადგომისთვის და მინდა, დავაიმედო, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის”, – განაცხადა კახი კალაძემ.